Accessibility links

site logo site logo

კოვიდარდადეგები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში


ცხინვალი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ერთკვირიანი არასამუშაო დღეები გამოაცხადა.

1 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, მობილობის შემცირების მიზნით, დასაქმებული ადამიანები დაისვენებენ. შესაბამის განკარგულებას, დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურმა, სამშაბათს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.

მოსახლეობის სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და კონსტიტუციის 47-მუხლის შესაბამისად. ვადგენ : 2021 წლის 1 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით დავაწესოთ არასამუშაო დღეები დასაქმებულთა ხელფასის შენარჩუნებით“, - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა და სხვა ორგანიზაციებმა უნდა დაადგინონ იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირებას არასამუშაო დღეებში.

ოკუპირებულ რეგიონში კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება და ბიბილოვმაც კოვიდარდადეგების გადაწყვეტილება, ჩრდილოეთ ოსეთის მაგალითზე მიიღო. იქაც ვითარება საკმაოდ რთულია.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რეგულაციების გამკაცრება ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურეს. ადგილობრივი მილიცია კი რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს უწევს.

ოკუპირებულ რეგიონში, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურა უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, ასევე გასართობი ცენტრები, სპორტული დარბაზები და ა.შ. 2021 წლის 1 დეკემბრამდე აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, ქორწილების ჩათვლით. გაიცა რეკომენდაცია დაკრძალვისა და სხვა ხსოვნის ღონისძიებებზე სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ.

ცხინვალელი ჟურნალისტი ალან ცხოვრებოვი ამბობს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული იძულების წესები დიდი ხნის წინ უნდა ამოქმედებულიყო.

შეზღუდვები დაახლოებით სამი თვის წინ უნდა შემოღებულიყო, მანამდეც კი, სანამ ავადობისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა დაიწყებდა მატებას. ბოლო ქორწილებსა და დაკრძალვებზე ხალხის დიდი რაოდენობა იყო თავმოყრილი. ჩემი აზრით, ამის გამო ჩვენი სტატისტიკა ასე გაუარესდა. შეზღუდვების დაწესების შემდეგ ხალხის ქცევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შემიმჩნევია, მაგრამ ქალაქში მილიციის პატრული გამოჩნდა, ისინი ზრუნავენ, რომ ხალხი ქუჩაში არ შეიკრიბოს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაიცვან პირბადეების რეჟიმი. პირველ ტალღის დროს ხალხი უფრო ფრთხილობდა და ეს აშკარად შიშისგან იყო გამოწვეული, რადგან დაავადება უცნობი იყო. ახლა, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ ეს დაავადება მათ სიცოცხლეს არ წაართმევს. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოები გადავსებულია და სულ უფრო მეტი ნაცნობი ხვდება იქ, ზოგ შემთხვევაში მთელი ოჯახები კლინიკებში წვანან.”

ცხინვალელმა ბლოგერმა ალან ფარასტაევმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ადამიანებმა პირბადეები გაიკეთეს, მაგრამ არიან გამონაკლისი მაღალჩინოსნები.

ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მივედი, მკითხეს, რატომ ვიყავი ნიღბის გარეშე. სამედიცინო ნიღბის საყიდლად აფთიაქში წავედი, მაგრამ ამავე დროს, თანამშრომელი, რომელმაც შენიშვნა მომცა, და ამ დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც, თვითონ იყვნენ პირბადეების გარეშე. ჩვენ გვაქვს ასეთი მოსაზრება: თუ თანამდებობის პირი ხარ და განსაკუთრებით წითელი მოწმობა გაქვს, მაშინ შეგიძლია არ შეასრულო რეკომენდაცია. დღევანდელმა ვიზიტმა ოფიციალურ პირებთან სხვა ამბავი გამახსენა. სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ მამაკაცს ფეხსაცმელზე ბახილის ამოცმა სთხოვეს, მან კი საპასუხოდ აჩვენა პირადობის სამსახურებრივი მოწმობა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით გაიარა დერეფნებში.”

ცხინვალელი ბლოგერი პანდემიის პრევენციის ყველაზე რთულ ნაწილად მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოს ჩატარებას მიიჩნევს. როგორ ვასწავლოთ ადამიანებს შეხვედრისას არ ჩაეხუტონ ერთმანეთს, არ შეეხონ სახეზე, თავი შეიკავონ სტუმრების მიღებისგან პანდემიის დასრულებამდე? ალან პარასტაევი ამბობს, რომ ამ ტრადიციებზე უარის თქმა ყველაზე რთულია.

მეჩვენება, რომ ყველაზე რთულია ადამიანებისთვის სოციალური დისტანციის სწავლებაა. შეხვედრისას აღარ ვკოცნით. საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ ჩვენთან უფრო მეტად ჩრდილოკავკასიური ტრადიცია დამკვიდრდა, რაც მისალმებისას მხრებით შეხებას ნიშნავს. პანდემიამ ეს მისალმებაც გააუქმა - ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა შენარჩუნდა. ვცდილობ, ხელის ჩამორთმევას ავარიდო თავი, მაგრამ თუ ვინმე ხელს გამომიწვდის მეც ასევე ვპასუხობ. ვფიქრობ, ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ახსნა-განმარტებით შეიძლება. ჩვენ ადრე უნდა დაგვეწყო ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ამ ანტივირუსულ ეპოქაში სწორედ ინფორმაციული კომპონენტი დავკარგეთ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს, ავუხსნათ და სიფრთხილის ზომები ჩვეულებრივი გახდება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ასეთი საბჭოთა წარმოდგენა: თუ ამას ტელევიზორში ამბობენ, მაშინ ეს სწორია.“ - ამბობს ბლოგერი ალან ფარასტაევი.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 100 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 48 საათში კი კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG