Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკრეტულად რას გააკონტროლებს ფეისბუკი საქართველოში


ფეისბუკმა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს საეჭვო პირთა მიერ საეჭვო ფულით დაფინანსებული საარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა და ხელი შეუწყოს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უფრო სამართლიან გარემოში ჩატარებას. ეს დაპირება ასახულია წერილში, რომელიც ფეისბუკის ადმინისტრაციამ საქართველოში გამოუგზავნა 50-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, მათი მიმართვის საფუძველზე.

ვინ არის სამიზნე და კონკრეტულად რას აპირებს ფეისბუკი? რა შედეგს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებისთვის? მოაგვარებს თუ არა ახალი წესები ტროლებისა და ბოტების მრავალგანზომილებიან პრობლემას საქართველოში?

ფეისბუკი რეკლამასთან დაკავშირებული სამართლიანი თამაშის წესების გავრცობას საქართველოშიც გეგმავს. ამომრჩევლებს ზუსტად ეცოდინებათ, ვინ დგას ყველა იმ საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის უკან, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში შეხვდებიან.

წერილში, რომელიც არასამთავრობო სექტორის ათეულობით ორგანიზაციამ ფეისბუკის ადმინისტრაციისგან, მიმართვის საპასუხოდ, 15 ივლისს მიიღო, წერია, რომ:

  • 2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან ფეისბუკი საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის საქართველოდან დამკვეთებს საგანგებო ავტორიზაციას მოსთხოვს;
  • ამით უზრუნველყოფილი იქნება „გამჭვირვალობისა და ავთენტურობის უპრეცედენტო დონე“;
  • და ხალხი შეძლებს, დაინახოს - „ვინ და რატომ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას მათ ხმაზე არჩევნების წინ“.

რეკლამის დამკვეთს მოეთხოვება ინფორმაცია ვინაობის, მისამართის, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტისა თუ ვებგვერდის მითითებით. ეს მექანიზმი „რეკლამის ბიბლიოთეკის“ სახით უკვე 7 წელია დანერგილია ფეისბუკის მიერ, თუმცა ამ დრომდე საქართველოში არ იყო ამ ფუნქციის სრულად გამოყენების შესაძლებლობა.

  • „რეკლამის ბიბლიოთეკის“ საშუალებით ყველას შეუძლია ნახოს: ვინ დაუკვეთა ფეისბუკს რეკლამა, რამდენი გადაიხადა და რამდენმა ადამიანმა ნახა ის.
  • ინფორმაცია დაარქივებულია და ყველას შეუძლია მისი როგორც ნახვა, ასევე ჩამოტვირთვა.

„დამატებითი ინფორმაციის მიღებით მარეგულირებელი ორგანოები, ჟურნალისტები და საზოგადოება შეძლებენ უფრო სწრაფად დასვან შეკითხვები და გააკონტროლონ რეკლამის დამკვეთთა ანგარიშვალდებულება, თუკი ისინი რაიმეს უჩვეულოს შენიშნავენ“, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ფეისბუკის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივი პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაბრიელა ჩეჰი აწერს ხელს.

ამ საპასუხო წერილის 50-მდე ადრესატს შორის არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელსაც უკვე მრავალი კვლევა აქვს მომზადებული სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკანონო და დამაზიანებელი პროცესების შესახებ.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, მიხეილ ბენიძე გვეუბნება, რომ ფეისბუკმა საქართველოდან გაგზავნილი მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციების უმთავრესი მოთხოვნა გაიზიარა - ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება დამაზიანებელი, დისკრედიტაციული პროცესების შეჩერებაც.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნეგატიური და დისკრედიტაციული კამპანიები სწორედ დასპონსორებული ფეისბუკპოსტების სახით გვხვდებოდა და არავინ იცოდა - ვინ იხდიდა ამაში ფულს და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან“.

ISFED-ის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ:

  • დასპონსორებული მადისკრედიტირებელი გვერდების უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო მიმართული.
  • „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილთან წინააღმდეგ დასპონსორდა 28 მადისკრედიტირებელი პოსტი, ხოლო გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ - 282;
  • არჩევნების პირველ ტურამდე გრიგოლ ვაშაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი ფეისბუკგვერდების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული გვერდების რაოდენობისგან.

ბენიძის თქმით, პოლიტიკური რეკლამის საკითხის მოწესრიგება აღრიცხვის შესაძლებლობას შექმნის, შეზღუდავს შავი ფულის მოძრაობას და პროცესს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშიც მოიყვანს - „როცა რეკლამის თანხა დეკლარირების გარეშე იხარჯება, ეს უკანონო კონტრიბუციაა და ასეთი ფაქტი აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმაბას ექვემდებარება“.

ყალბი ანგარიშები, ტროლები, ბოტები

არასამთავრობო სექტორისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ფეისბუკი ახალი შესაძლებლობებით გააგრძელებს ყალბი ანგარიშებისა და ქსელების აღმოჩენასა და წაშლას - „ჩვენ გავასამმაგეთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხზე მუშაობენ“.

ტექსტის მიხედვით, ამ პროცესში 35 ათასი ექსპერტი, ინჟინერი თუ შინაარსის მაკონტროლებელია ჩართული.

ამ კუთხით საგანგებოდ აღინიშნება რუსეთის ინტერესებით მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის - საქართველოში მოქმედი ქსელების აღმოჩენისა და დაბლოკვის წარმატებული შემთხვევები.

თავის წერილში გაბრიელა ჩეჰი „ქართულ ოცნებასაც“ ახსენებს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საქართველოსთან მიმართებით დახურული ყალბი ანგარიშებისა და ქსელების კონტექსტში.

  • 2019 წლის დეკემბერში ჩვენ წავშალეთ 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამგვერდი, როგორც იმ ქსელის ნაწილი, რომელიც ადგილობრივი მიზნებით საქართველოში იყო შექმნილი... ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი დაუკავშირა სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“;
  • „2020 წლის აპრილში წავშალეთ ორი დამოუკიდებელი ადგილობრივი ქსელი საქართველოში: ერთი მოიცავდა 511 გვერდს, ფეისბუკის 101 ანგარიშს, 122 ჯგუფსა და 56 ინსტაგრამანგარიშს. გამოძიებამ ეს ქსელი დაუკავშირა მედიაორგანიზაცია „ესპერსონას“, რომელიც ამჟამადაც აკრძალულია ჩვენს პლატფორმებზე... მეორე ქსელი მოიცავდა ფეისბუკის 23 ანგარიშს, 80 გვერდს, 41 ჯგუფსა და 9 ინსტაგრამანგარიშს, დაკავშირებულს პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ ცალკეულ პირებთან“.

ფეისბუკის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსზე 16 ივლისს მსჯელობდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დეზინფორმაცია და სიყალბე მხოლოდ ოპონენტების ხელწერას წარმოადგენს:

„არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, გარდა „ნაცმოძრაობისა“, თავის ოფიციალურ განცხადებაში ფეისბუკს არასდროს არ უხსენებია... „ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის სამარკო ნიშანია და მისი პიარკამპანიის საფუძველია ტყუილი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის თქმით კი, „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ძალიან დიდ ფულს ხარჯავდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში ხალხისა და ოპონენტების წინააღმდეგ.

„ეს ვითარება გამოწვეულია იმ აღვირახსნილი, უმსგავსო კამპანიით, რასაც საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ტროლების ქარხნები ეწეოდნენ ჩვენი მოქალაქეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და ხარჯავდნენ მილიონებს“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე მოელის, რომ ფეისბუკი მომავალშიც ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევს იმ ყალბ ანგარიშებს, გვერდებსა და ქსელებს, რომელთა საქმიანობაც საქართველოში ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების სახიფათო ტენდენციებს უწყობს ხელს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG