Accessibility links

კონსტიტუცია და პროკურატურის რეფორმა


საჯარო დისკუსია

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ამოქმედდება საქართველოს ახალი კონსტიტუცია და, შესაბამისად, მისი ის ნაწილი, რომელიც პროკურატურის სისტემას შეეხება. 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებით, პროკურატურა დეპოლიტიზებული ხდება და მთლიანად ჩამოშორდება მთავრობას, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს. აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პროკურატურის სისტემის დისტანცირებასა და მისი დამოუკიდებელობის ინსტიტუციურ უზრუნველყოფას, შესაბამისად, სჭირდება რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა განსახორციელებლად რამდენიმე თვე რჩება.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00
Direct link

დაგვიანებული საკანონმდებლო ცვლილებები

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ხელისუფლებას ჯერჯერობით პრინციპების დონეზეც კი არ აქვს შეჯერებული პოზიციები. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს არც კოალიციაში „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე პროკურატურის რეფორმის საკითხებზე პირველი საჯარო საზოგადოებრივი ფორუმი მოაწყო, პარლამენტის, პროკურატურისა და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

15 წევრიდან, ჩვენ ვფიქრობთ, უმრავლესობა უნდა ჰქონდეთ პროკურორებს, რომლებსაც თავისივე კოლეგები აირჩევენ; 4 წევრი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა შეარჩიოს პარლამენტმა და 3 წევრი კონკურსის წესით უნდა დანიშნოს სახალხო დამცველმა.
სოფო ვერძეული

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის მიღება და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებების ასახვა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე დაჩქარებული წესით მოუწევს. როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე შენიშნავს, კონსტიტუციური მოთხოვნაა ცვლილებები მინიმუმ შეეხოს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესს, რაც, შესაბამისად, წარმოშობს საბჭოს ახალ უფლებამოსილებებს, კერძოდ, პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. მწვავე საკითხებს შორისაა ასევე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების წესი და პროკურატურის საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფორმები. მათგან ძირითად გამოწვევად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების საკითხი ითვლება.

საპროკურორო საბჭო - გაიზრდება თუ არა მისი მანდატი

რეფორმის შედეგად, საპროკურორო საბჭო უნდა იყოს პროკურატურის სისტემის მართვის პროფესიული ორგანო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური წარმომადგენლობისაგან. გენერალური პროკურორის ფუნქციების დიდი ნაწილი საპროკურორო საბჭოზე უნდა გადავიდეს. შესაბამისად, როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული გვეუბნება, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თემაზე დისკუსიის მთავარი ფოკუსი უნდა გახდეს საკითხი - როგორ უზრუნველვყოთ საპროკურორო საბჭოს რეალური დამოუკიდებლობა , წარმომადგენლობითობა და მასში მონაწილე არაპროკურორი წევრების მაღალი ლეგიტიმურობითა და გამჭვირვალობით არჩევა:

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

“15 წევრიდან, ჩვენ ვფიქრობთ, უმრავლესობა უნდა ჰქონდეთ პროკურორებს, რომლებსაც თავისივე კოლეგები აირჩევენ; 4 წევრი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა შეარჩიოს პარლამენტმა და 3 წევრი კონკურსის წესით უნდა დანიშნოს სახალხო დამცველმა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი შეხედულებით, უნდა მიღებული იყოს ორი მესამედით, რაც საჭიროებს საბჭოს 10 წევრის თანხმობას. მხოლოდ პროკურორები ასეთ მოდელში ვერ მოახერხებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას და დასჭირდებათ არაპროკურორი წევრების მხარდაჭერა. ამისთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება საბჭოში არაპროკურორი წევრის სტატუსით დანშნული“.

ერთი, სადაც საპროკურორო საბჭო არის ერთგვარი ბორდი პროკურატურის და მასში პროკურატურის მენეჯმენია წარმოდგენილი, და მეორე მოდელი, სადაც კონსტიტუციური ორგანოები უმაღლეს დონეზე არიან ჩართულნი.
ირაკლი კობახიძე

ასეთ შემთხვევაში, სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭოს 4 არაპროკურორი წევრი პარლამენტმა განსაკუთრებული წესით აირჩიოს, რაც გულისხმობს იმას, რომ მას თანაბრად ჰქონდეს უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერა.

კონსტიტუციის ახალი მოდელით, სოფო ვერძეულის თანახმად, გადაწყვეტილებებს გენერალური პროკურორი ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს. თავის მხრივ, საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს შორის გადანაწილდა თავად გენერალური პროკურორის არჩევის უფლებამოსილება. კანდიდატს საპროკურორო საბჭო ასახელებს და დასამტკიცებლად პარლამენტს უგზავნის. ვინაიდან პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატურის შერჩევა ხდებოდეს მაღალი კონსენსუსით, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის პრინციპების დაცვით.

რა გამოკვეთა პირველმა საჯარო დისკუსიამ

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, პროკურატურის საკანონმდებლო მოწყობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია აქტიური განხილვის პროცესშია. მისი განმარტებით, კოალიციის მიერ გამართული დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ თანხმობაა ანგარიშვალდებულების ფორმების, პარლამენტთან პროკურატურის ურთიერთობისა და კონტროლის მექანიზმების საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, ეს, ეკა ბესელიას განმარტებით, არის საკითხი, რომელზეც რამდენიმე მოდელია წარმოდგენილი. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ორ მოდელზე: „ერთი, სადაც საპროკურორო საბჭო არის ერთგვარი ბორდი პროკურატურის და მასში პროკურატურის მენეჯმენია წარმოდგენილი, და მეორე მოდელი, სადაც კონსტიტუციური ორგანოები უმაღლეს დონეზე არიან ჩართულნი. ეს უნდა იყოს ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება, პრეზიდენტის გარდა“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

დისკუსიები სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, შესაძლოა, სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდეს. თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს საპროკურორო საბჭოზე, მის მოდელსა და შემადგენლობაზე მნიშვნელოვნად საგამოძიებო მოქმედებებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა მიაჩნია. იგი ამბობს, რომ პროკურატურა ღიაა ნებისმიერ ფორმატში იმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებებზე. განსხვავებული მოსაზრებებია კოალიციის შიგნითაც, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე შენიშნავს, დიდ ნაწილზე კონსენსუსის მიღწევა იოლი იქნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG