Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი და პატიმრები - საფრთხე გარეთ მყოფებისთვისაც


კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ბევრი პატიმრის ბედი გადაწყვიტა - ციხეებიდან მასობრივად გაათავისუფლეს მსჯავრდებულები და არა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს პროცესი არ შეხებია საქართველოს და პრეზიდენტმაც ბოლოს მხოლოდ 9 პატიმარი შეიწყალა. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველო მესამე ადგილზეა პატიმართა რაოდენობის მიხედვით (100 ათას მოსახლეზე გათვლით). რა ზომებს იღებს საქართველოს სახელმწიფო საპატიმროებში კორონავირუსთან დაკავშირებული სერიოზული რისკების ფონზე? რა რესურსი აქვს პენიტენციურ სისტემას?

პატიმრები სახლებში გაუშვეს

სოციალური დისტანციის დაცვის შეუძლებლობა, საზიარო ნივთები, საზიარო საპირფარეშოები თუ საშხაპეები - კორონავირუსის სწრაფად გავრცელების თვალსაზრისით ციხე ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სივრცედ მიიჩნევა.

სპეციალისტებმა იციან, რომ თუკი საპატიმროებში ინფექცია ფართოდ გავრცელდა, ეს საფრთხეა გარეთ მყოფებისთვისაც, რადგან მეტ ინფიცირებულს სჭირდება მეტი ადგილი საავადმყოფოში და მეტი სასუნთქი აპარატიც.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი (2 მილიონ 300 ათასი) პატიმარი ჰყავს, ციხეების განტვირთვა მას შემდეგ დაიწყო, რაც კორონავირუსმა იქაც შეაღწია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აშშ-ის მასშტაბით უკვე გათავისუფლებულია ათასობით პატიმარი, მათ შორის - 4 ათასამდე მხოლოდ კალიფორნიაში.

დიდ ბრიტანეთში - ინგლისსა და უელსში 4 ათასი მსჯავრდებულის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღეს. BBC-ის ცნობით, 4 აპრილისთვის 29-მდე საპატიმროში COVID19-ის 88 შემთხვევა იყო დადასტურებული.

1500-დან 200 პატიმრის ეტაპობრივი გაშვების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ირლანდიამ - დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო. მსგავსი გეგმით მოქმედებს შოტლანდიაც.

5000-მდე პატიმრის გათავისუფლება გადაწყდა საფრანგეთში, რომელიც, ევროსაბჭოს ბოლო ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ციხეებით გამოირჩევა.

კორონავირუსის საფრთხეების გამო, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულია სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის: ავსტრალიაში, გერმანიასა და კანადაში.

საზოგადოების უსაფრთხოებისა და მსხვერპლთა გრძნობების მოფრთხილების მიზნით, სახელმწიფოები პატიმრების გათავისუფლებისას სიფრთხილეს იჩენენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა და გათავისუფლების პროცესი შეეხება, ძირითადად:

  • მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს;
  • პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელის 2/3;
  • პირებს, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 2-3 თვე აქვთ დარჩენილი;
  • ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს.

არსად ათავისუფლებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს, მოძალადეებსა და ტერორიზმში ბრალდებულებს.

ქვეყნები მიმართავენ საპატიმრო ვადის ინდივიდუალურად შემცირების, ამნისტიისა თუ შეწყალების მექანიზმებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში, პატიმრებს მხოლოდ დროებით ათავისუფლებენ.

კორონავირუსის საფრთხეების გამო პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებები მიიღეს ნაკლებად განვითარებულმა და არადემოკრატიულმა სახელმწიფოებმაც. არიან ისეთი ქვეყნებიც, რომელთაგანაც ეს ბევრს გაუკვირდა კიდეც.

  • ირანის ხელისუფლება ჯერ კიდევ 9 მარტს იტყობინებოდა - კორონავირუსის საფრთხის გამო 70 ათასი პატიმრის გათავისუფლების შესახებ. „როიტერსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა რიცხვი 17 მარტს უკვე 85 ათასი იყო და მათ შორის იყვნენ პოლიტპატიმრებიც.
  • აპრილის დასაწყისში ინდონეზიის ხელისუფლებამ ერთიანად 30 ათასი პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა და პირველ ეტაპზე - 22 ათასი პატიმარი გაათავისუფლა.
  • გავრცელდა ცნობა აზერბაიჯანიდანაც. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადაწყვიტა შეიწყალოს 65 წელზე უფროსი ასაკის პატიმრები. ხელი მოეწერა დეკრეტს 176 მსჯავრდებულის შესაწყალებლად.

პატიმრებზე ზრუნვის გაძლიერება და მათ გათავისუფლებაზე ფიქრი სახელმწიფოებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმაც ურჩია. ასაკისა და ჯანმრთელობის გამო მოწყვლადი ჯგუფების გარდა, უმაღლესი კომისრის რეკომენდაცია შეეხება პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულებსაც - „ახლა ისე, როგორც არასოდეს, ხელისუფლებებმა უნდა გაათავისუფლონ ყველა ის პირი, რომლის დაკავებასაც არა აქვს საკმარისი იურიდიული საფუძველი“.

რას აკეთებს საქართველო?

საქართველოში პატიმართა მასშტაბური შეწყალების აუცილებლობაზე ჯერ არაფერი თქმულა. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა სწორედ ახლა ჰქონდეს მათ შორის - პოლიტპატიმრების უმტკივნეულოდ გათავისუფლების კარგი შანსი.

ისინი დაპირებაზე, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას მისცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად უარყოფს როგორც ამგვარი დაპირების, ასევე ზოგადად - პოლიტპატიმრების არსებობას ქვეყანაში.

7 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 9 პატიმარი ქალი შეიწყალა. ამ აქტს საფუძვლად დაედო არა კორონავირუსის პანდემია, არამედ რელიგიური დღესასწაული.

„რადგან საქართველოს საპატიმროებში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა, ხელისუფლებას არა აქვს წინასწარი ვალდებულება, რომ პატიმრების მასობრივ გათავისუფლებაზე იფიქროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი.

მისი თქმით:

  • თუკი საპატიმროებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდება, დიდი ალბათობით, დღის წესრიგში დადგება პატიმართა გათავისუფლების საკითხიც;
  • ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია როგორც პარლამენტის მიერ დამტკიცებული საგანგებო საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ასევე მთავრობის დონეზე - ვადაზე ადრე გათავისუფლების შიდა მექანიზმის გამოყენებით;
  • შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენების შესაძლებლობა კვლავაც აქართველოს პრეზიდენტის ხელში რჩება.

როგორც რადიო თავისუფლებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, „სისტემაში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, ვირუსის არცერთი საეჭვო და მით უმეტეს - არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა“.

რა ხდება საპატიმროებში პანდემიის ფონზე?

პენიტენციურ დაწესებულებათა თანამშრომლების ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 30 მარტს გაახმოვანა. თქვა, რომ თანამშრომლები არ წავლენ შინ და ორ ცვლაში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ - "იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი შეიტანს ვირუსს შიგნით“.

ამასთან, თეა წულუკიანმა საგანგებოდ მოუწოდა პატიმრებს - „მომდევნო კვირებში მაინც“ შეიკავონ თავი საპატიმროთა თანამშრომლების შეურაცხყოფისგან და მათ მიმართ აგრესიისგან - „რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში ცხოვრებაზე".

პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობები 5 მარტიდან შემოიღეს. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეეზღუდათ, მაგალითად:

  • საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობა;
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა;
  • განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

პატიმრები და მსჯავრდებულები სარგებლობენ უფასო სატელეფონო საუბრის უფლებით. თუკი მანამდე მათ ამისათვის 15 წუთი ჰქონდათ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაციით, მათ ეს დრო გაუორმაგდებათ.

საპატიმროთა თანამშრომლების ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, ჯერჯერობით არ გასულა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი. შესაბამისად, საერთო სურათი აპრილის შუა რიცხვებში უნდა გამოიკვეთოს.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გვითხრეს, საპატიმრო დაწესებულებებში „მედპერსონალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი“.

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არცთუ სახარბიელოდ არის აღწერილი სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მაგალითად:

  • “2019 წელს, წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ სისტემაში არასათანადო და გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურების პრობლემა კიდევ იდგა. 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ამ პრობლემის გამო 433 პატიმარმა მომართა”;
  • “2019 წელს პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემა იყო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია... სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა”;
  • “2019 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ვენტილაცია, განათება და ყველა მსჯავრდებულისათვის 4 კვ.მ. მინიმალური ფართით უზრუნველყოფის საკითხი”.

7 აპრილს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა საპატიმროების მდგომარეობასთან დაკავშირებული მორიგი ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიში. მაჩვენებლების თანახმად, საანგარიშო პერიოდში (2019 წლის იანვრის ბოლომდე) საქართველოში 10 042 პატიმარი იყო [ჩათვლილია წინასწარი პატიმრობის შემთხვევებიც].

  • პატიმრების რაოდენობით (100 ათას მოსახლეზე გათვლით), საქართველო (270) მესამე ადგილს იკავებს - რუსეთისა (386) და თურქეთის (329) შემდეგ.
  • ამასთან, მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი 2018 წლის ანგარიშის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
  • 2009 წელთან შედარებით კი, 2019 წელს პატიმართა რაოდენობა საქართველოში 40.3%-ით არის შემცირებული.

ანგარიშში არ არის მოცემული სხვა ბევრი მაჩვენებელი, რადგან ევროსაბჭოს ცნობით - საქართველოს საპატიმრო ადმინისტრაციამ, სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, მონაწილეობა არ მიიღო ამ ანგარიშის მომზადების პროცესში. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათ შესაბამისი კითხვარი არ მიუღიათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG