Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი მარშრუტზე: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო


დადასტურებულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება ირანში სულ უფრო მძიმდება. აზერბაიჯანს ისევ ღია აქვს საზღვარი ირანთან და მარშრუტი ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო ისევ სარისკო მარშრუტად რჩება. თუმცა საქართველოში ყველას არ შემოუშვებენ.

რა მდგომარეობაა ირანში? ვის შემოუშვებენ სახიფათო მარშრუტით საქართველოში? რა თავსატეხი გაუჩინა აზერბაიჯანს კორონავირუსის საქართველოში დადასტურებულმა პირველმა შემთხვევამ?

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ირანში და შემაშფოთებლად სწრაფად ვრცელდება ინფიცირებულთა რიცხვი.

  • 27 თებერვლის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რიცხვი - 141-ს უტოლდება (26 თებერვალს იყო - 95);
  • გარდაცვალების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვია - 22 (26 თებერვალს იყო - 15).

ლეტალური შემთხვევებისა და ინფიცირების თანაფარდობით ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებლებიც არაზუსტია და ირანში ინფიცირებულია ასეულობით ადამიანი.

„სერიოზული ეპიდაფეთქება გახლავთ ირანში... ის პროგნოზი, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს ირანი (ვიდრე ჩინეთი), ძალაში რჩება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან, რომელსაც ირანთან საზღვარი ჯერ ისევ არ დაუკეტავს. ეს უკვე გააკეთა ორმა დანარჩენმა: თურქეთმა და სომხეთმა.

საქართველოს მთავრობამ 23 თებერვალს გამოაცხადა, რომ ფიზიკური პირებისთვის იზღუდება პირდაპირი ავიაფრენები ირანიდან;

საქართველოს არა აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ირანთან, თუმცა ორ ქვეყანას შორის სახმელეთო გადაადგილება შეიზღუდა (ლოგიკურად - აზერბაიჯანის გავლით).

მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ 26 თებერვალს გაკეთებული განცხადების დაზუსტება 27 თებერვალს გახდა შესაძლებელი.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, საზღვარზე მოწმდება „ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში“, ესენია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია.

26 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილება ირანის მიმართულებით, თუმცა ირანიდან (და რისკის ზონად მიჩნეული სხვა ქვეყნებიდან) საქართველოში დაბრუნებას მათ ვერავინ აუკრძალავს.

მათ შემთხვევაში გატარდება შემდეგი ზომები:

  • გამოკვეთილი სიმპტომების შემთხვევაში განთავსდებიან ინფექციურ საავადმყოფოში;
  • სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება საკარანტინე ცენტრებში იზოლაციის მეთოდი 2 კვირით;
  • ამის შემდეგ, ცალკეულ შემთხვევებში დაშვებულია თვითიზოლაცია ასევე 2 კვირით.

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებასთან ერთად, გამოიკვეთა აზერბაიჯანში დატოვებული პრობლემური კვალიც.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულმა საქართველოს მოქალაქემ ირანი-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრამდე;
  • ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანი მგზავრობდა მასთან ერთად სამარშრუტო ტაქსით;
  • დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის სამი მგზავრი აზერბაიჯანს უკვე ჰყავს საკარანტინე იზოლაციაში, ხოლო ერთი - ინფექციურ საავადმყოფოშია.

ამ დრომდე ბაქოს არ დაუდასტურებია კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი. გასულ დღეებში ლაპარაკი იყო მხოლოდ საკარანტინე იზოლაციაში მყოფ პირებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოგზაურობის მსურველებს.

NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 27 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეებს ურჩია:

  • „თავი ავარიდოთ მოგზაურობას განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, სინგაპური და სხვა)“;
  • „თუ ვიმოგზაურეთ ამ და სხვა მაღალი დასენიანების ქვეყნებში და ჩამოსვლიდან 2 კვირის განმავლობაში გვექნება შესაბამისი სიმპტომები (ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ტემპერატურა), დაუყოვნებლივ მივმართოთ ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“.

ამ ეტაპზე კორონავირუსი უკვე 50-მდე ქვეყანას მოედო. 27 თებერვლის მონაცემებით, სულ აღრიცხულია 82 ათასზე მეტი შემთხვევა. ლეტალური მაჩვენებელი 2 800-ზე მეტია.

მდგომარეობა ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე 27 თებერვალს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG