Accessibility links

კორონავირუსი: რეალურად რა უშველის ტურიზმს, ეკონომიკას


მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის შემოტევით განპირობებული ახალი ინიციატივა საგანგებოდ ტურიზმის სექტორისთვის არის გამიზნული და ის ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას უზრუნველყოფს. ეს ზოგმა ბიზნესის დაფინანსებად აღიქვა. სინამდვილეში კი ლაპარაკია გარკვეული საბიუჯეტო გადასახადებისა და საბანკო სესხების გადავადებაზე.

კომპანიები მთავრობის ინიციატივის დეტალებში გარკვევას ჯერ ისევ ცდილობენ და ჯერ ისევ გარკვეული შეკითხვები აქვთ. ოპონენტები კი ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა ეკონომიკის გაჯანსაღებას არ შეუწყობს ხელს და დაყოფა უსამართლოა ბიზნესის სხვა სეგმენტებთან მიმართებით.

კორონავირუსმა ტურიზმის სექტორს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა და მთავრობა ცდილობს, ამ სექტორს ფინანსური რესურსი შეუნარჩუნოს, - ასეთია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტება.

როგორც მან 13 მარტის საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის გეგმა შეეხება თითქმის ყველა მიმართულებას: სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო თუ საექსკურსიო კომპანიებს.

მთავრობის გეგმაში ჩაწერილია ასევე საბანკო სექტორის გადაწყვეტილება, რომ სესხის მომსახურება გადაუვადოს როგორც მეწარმეებს, ასევე ფიზიკურ პირებს. 13 მარტს მსხვილმა ბანკებმა (საქართველოს ბანკმა, თიბისი ბანკმა და ლიბერთი ბანკმა) განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს.

გეგმა, რომელსაც მთავრობის მხრიდან სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნაც ახლავს, წერილობით ასე გამოიყურება:

  • ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი;
  • მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას;
  • ტურიზმის სექტორის კომპანიებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადაუვადდებათ (1 ნოემბრამდე) - ეს შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში;
  • კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
  • 4-დან 50-მდე ნომრის მქონე სასტუმროები მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას - ეს შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო დაზარალდნენ;
  • ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ყოჩაღ, დაჯექი, 5-იანი შენ - ასე ვეტყოდი პრემიერს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი.

თუკი ის სულ რამდენიმე დღის წინ სექტორის დაღუპვასა და 50 ათასი ადამიანის უხელფასოდ დარჩენაზე ლაპარაკობდა, დღეს იმედიანად არის განწყობილი.

„მართლა დიდი სტიმულია ბიზნესისთვის ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კადრები შევინარჩუნოთ და ხალხი უმუშევარი არ დავტოვოთ... ეს პაკეტი გვაკმაყოფილებს, მეტს არაფერს ვისურვებდით... იმედი გვაქვს, რომ შემდეგ თვეებში გამოსწორდება ყველაფერი, აბა, ასე ხომ არ დარჩება?!“

მთავრობის მიერ 13 მარტს გახმაურებულ გეგმაში თითქმის სრულად არის ასახული ტურიზმის სფეროს იმ კომპანიების სათხოვარი, რომლებმაც 3 მარტს წერილით მიმართეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას.

ითხოვდნენ გადავადებას და მიიღეს გადავადება - რადიო თავისუფლებამ წერილის ასლი მოიპოვა.

„ჯერ ზუსტად რამის თქმა გვიჭირს. ჩვენი ბუღალტერი ახლა არკვევს, რა და როგორ შეგვეხება. ვცდილობთ დავაზუსტოთ, მაგალითად, რას ნიშნავს დღგ-ს გაორმაგებით დაბრუნება... ვცდილობთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, მაგრამ ტურისტების რიცხვი ფაქტიურად ნულია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ტურისტულ კომპანია Check in Travel-ში.

დღგ-ს დაბრუნების საკითხმა დააბნია ტურიზმის ექსპერტი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი - ვატო ასათაშვილიც და მას არცთუ სახარბიელო მოლოდინის ეჭვიც გაუჩინა.

„ახლა აღარ მოქმედებს ჩათვლის სისტემა, დღგ კომპანიებს ფინანსური რესურსის სახით უბრუნდებათ ანგარიშზე, რაც ძალიან კარგია... მაგრამ გვახსოვს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერის შემთხვევები და არაერთი მაქინაცია ამ მექანიზმთან დაკავშირებით... თუკი მთავრობის ინიციატივაში თანხის გაორმაგება იგულისხმება, ეს ახალი სტიმული იქნება მაქინაციებისთვის“, - ამბობს ასათაშვილი.

ექსპერტი თვლის, რომ გადასახადებისა და საბანკო მომსახურების გადავადება გარკვეულ შეღავათს ნამდვილად მისცემს ტურიზმის სექტორს, რომელიც კორონავირუსმა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.

ბიზნესმენები, რომლებსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, გადასახადების გადავადებაში მთელი რიგი პრობლემების დაძლევისა და ამოსუნთქვის საშუალებას ხედავენ. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ბიზნესის ნამდვილი სტიმულირება გადასახადების არა გადავადება, არამედ შემცირება იქნებოდა.

გადასახადების შემცირება მთავარი პრინციპია კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმაში, რომელიც საზოგადოებას ერთი კვირის წინ გააცნო „ევროპულმა საქართველომ“.

  • საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება (380 მლნ ლარს დაუტოვებს ხალხს) და ქონების გადასახადის განახევრება (195 მლნ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს) - ეს აუცილებელია სამუშაო ადგილების შემცირების თავიდან ასაცილებლად და ფასების ზრდის შესაჩერებლად;
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება საწვავზე ფასს 8-10 თეთრით შეამცირებს, რაც ზოგადად ფასების შემცირებაზე აისახება;
  • წელსვე ბიუროკრატიისა და არაეფექტიანი ხარჯების 690 მლნ ლარით შეკვეცა, ხოლო მომდევნო წელს დამატებით 505 მლნ ლარით შეკვეცა - 2012 წლიდან „ქართულმა“ ოცნებამ ბიუროკრატიის ხარჯი 1 მლრდ ლარზე მეტით გაზარდა.

„რეალური ფისკალური სტიმულირება იქნებოდა გადასახადების შემცირება, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ და რისი საჭიროებაც ახლა კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდა... მთავრობა ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ეს (ტურისტული სექტორის) კომპანიები, რომლებსაც გადასახადები მხოლოდ გადაუვადა, 4 თვის შემდეგ ისეთ ფორმაში იქნებიან და შემოსავლებიც ისე გაეზრდებათ, რომ იმ მიმდინარე გადასახადებსაც გადაიხდიან და ამ დავალიანებასაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ის ამბობს, რომ გადასახადის შემცირება იქნებოდა უკლებლივ ყველა სექტორის კომპანიებისთვის და ეს თავიდან აგვაშორებდა უსამართლობის განცდას იმ კომპანიებში, რომლებიც არ ოპერირებენ ტურისტულ სექტორში, მაგრამ კორონავირუსმა არანაკლებ დააზარალა.

ანტიკრიზისული გეგმა გამოაქვეყნა ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. გეგმაში, მაგალითად, ვკითხულობთ:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;
  • დღგ-სგან გათავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე.

„ჩვენი გეგმიდან ნაწილობრივ შეასრულეს მხოლოდ გადასახადების გადავადების პუნქტი და ისიც უფრო ხანმოკლე ვადით. სხვა ყველაფერი არის უსარგებლო განცხადებები. ეს დააზარალებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომან გოცირიძე.

მისი განცხადებით, მთავარობამ „გაწირა მცირე ბიზნესი“, სადაც ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული 100 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული (ტაქსის მძღოლები, ხელოსნები თუ კვების სექტორის წარმომადგენლები) და რომლებიც არანაკლებ დააზარალა კორონავირუსმა.

რაც შეეხება ბანკების გადაწყვეტილებას, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან 12 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ექსპერტების თქმით, ეს არის რაციონალური სვლა თავად ბანკებისთვისაც, რადგან მათ კლიენტების გაკოტრება და გასესხებული ფულის დაკარგვა არ უნდათ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშებისა და ლარის მკვეთრი გაუარესების ფონზე, ეს ამბავი გაუხარდა ბევრ კლიენტსაც. თუმცა, ფონდ „ქართუს“ მიერ ვალების განულების მომსწრე საქართველოში, სესხის მომსახურების გადავადება ბევრმა სულაც არ ჩათვალა შეღავათად და ტაშის ღირს მოვლენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG