ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთიც დაკეტა.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის აფეთქების აღსაკვეთად მიღებულია გადაწყვეტილება, გასაკუთრებულ მითითებამდე სრულად დაიკეტოს გამარტივებული გაშვების ყველა პუნქტი სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე“.
ამ დრომდე დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნილი ჰქონდა მხოლოდ ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გავლით.
2019 წლის შემოდომიდან დაკეტილია ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტები. მათი ჩაკეტვა იყო დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებაზე.
„დღეს სიცხე არ ჰქონია“ - რა ვიცით კორონავირუსით პირველ ინფიცირებულსა და მის თანამგზავრებზე?
50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოში ირანიდან ბრუნდებოდა. კონკრეტულად, კი, ქალაქ ყუმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც, როგორც 27 თებერვალს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გვითხრა, ირანში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი არეალია.
საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული პირი - საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად მას შესაბამის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ.
მასთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ გადმოკვეთა, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ორივე მათგანს საზღვარზე კონტაქტი ჰქონდა მებაჟეებთან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სრულად იყვნენ ეკიპირებულები. დღეს ორივე მებაჟე იმყოფება კარანტინში - მათ აკვირდებიან.
აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან უკან გაბრუნდა საქართველო ორი მოქალაქე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა, ნუნუ ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ დედა-შვილი ირანიდან მოდიოდა, განუმარტეს, რომ კარანტინში უნდა მოეთავსებინათ. ამაზე მათ უარი თქვეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
დედა-შვილს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან, ირანიდან მოდიოდნენ, ორკვირიან საკარანტინო რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ.
ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგს უტარებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.
გამყრელიძე კორონავირუსზე: უარი ვთქვათ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თავი უნდა შევიკავოთ გადაკოცნის ჩვევისგან, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს - გვირჩევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ამ რეკომენდაციის შესახებ მან 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.