საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს დამტკიცდება. დოკუმენტი ამ დრომდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება.
"სამინისტროს ექნება უფლებამოსილება, რომ გასცეს მსგავსი დოკუმენტი და არ შეექმნათ პრობლემა მოქალაქეებს", — განმარტა ადამიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა კარანტინში მინიმუმ 130 ადამიანია.
პენიტენციური სამსახური: ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ასრულებენ

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს ასრულებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია გაუკეთდა დარბაზებს, მაგიდებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში ხვალიდან იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება.

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. „დაიცავით ავტორიტეტული ორგანოების მიერ პროფილაქტიკის მიზნით გაცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები, დაიცავით სისუფთავე, დაიბანეთ ხელ-პირი, რათა არ დაინფიცირდეთ და სხვებიც არ დააინფიციროთ“, - განაცხადა 3 მარტს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ამ გაფრთხილების ფონია ბოლო ცნობა, რომლის თანახმად ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. მთლიანობაში კი ირანში გამოვლინდა ვირუსის გავრცელების 2336 შემთხვევა. გარდა ამისა, ირანში ხელისუფლების მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელია ინფიცირებული.
აიათოლა ალი ხამენეის ბრძანებით, ირანის არმია დაეხმარება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.