
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისში ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციების მიხედვით ყველაფერი კეთდება. „მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილსერვისის ჯგუფმა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა და ანალოგიურად დასუფთავდება ყველა გადასასვლელი. ამას გარდა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია ტარდება საჯარო ბაგა-ბაღებში, სახელოვნებო სკოლებში და თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

პირებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, მოქალაქეებმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.
„ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ადამიანები დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო ფურცელს, ამიტომ მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა მექანიზმი, რომ ისინი ელექტრონულად განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ, რომ სამინისტროსგან ცნობა მიიღონ, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სამსახურისგან გადამოწმდება“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
მისივე ცნობით, საკარანტინო სივრცეში დაახლოებით 97 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში კი - 92. ადამიას განმარტებით, ეს რიცხვი ცვალებადია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს დამტკიცდება. დოკუმენტი ამ დრომდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება.
"სამინისტროს ექნება უფლებამოსილება, რომ გასცეს მსგავსი დოკუმენტი და არ შეექმნათ პრობლემა მოქალაქეებს", — განმარტა ადამიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა კარანტინში მინიმუმ 130 ადამიანია.