
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, უკვე ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსის,(COVID-19), გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე იქნება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ ზიანის შემცირებისთვის პრევენციული ღონისძიებები გაატაროს დაუყოვნებლივ მანამ, სანამ „ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის კონტროლი".
კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება არ დაუდასტურდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 17 პაციენტს.
კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია. მათგან 7 მოქალაქე რომიდან თბილისში ამ კვირის დასაწყისში დაბრუნდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ავიარეისით. ჩამოსვლის დღეს მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მარტს, დღის პირველ ნახევარში ჩატარებული ტესტირებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა კიდევ 11 პაციენტს.

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დასმა უკრაინაში გასტოლი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმს დაიცავს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალულია პაემნები, თუმცა ვინაიდან ეს არ არის „მარტივი ტვირთი“ პატიმრისთვის, სამინისტრო „სატელეფონო შეღავათების“ დაწესებას გეგმავს:
ჩვენ ვმუშაობთ უკვე რამდენიმე დღეა იმისათვის რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით. თუ რა სატელეფონო შეღავათები იქნება, ამაზე პირველ რიგში ჯერ პატიმრებთან გვექნება კომუნიკაცია და საჯაროდაც გამოვაცხადებთ.
ეს შეღავათები იქნება ისეთი შეღავათები, რომ არავითარ შემთხვევაში ამან არ გამოიწვიოს პატიმრისთვის რაიმე ტიპის ფინანსური ტვირთი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში დაადასტურა ერთ-ერთ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს ახალ კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მინისტრის თქმით, მძიმედ დაავადებულ პატიმარს არაერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.