
კანადის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ცოლი სოფი გრეგუარ-ტრუდო კორონავირუსით COVID-19 დაავადდა.
ლონდონიდან კანადაში 11 მარტს დაბრუნებულ სოფი გრეგუარ-ტრუდოს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება 12 მარტს დაადასტურა. კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი იზოლირებულია და ოფიციალური ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს.
პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჯერ კიდევ ცოლის ტესტის საბოლოო პასუხამდე გადავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.
მომდევნო 14 დღის განმავლობაში ჯასტინ ტრუდო შეხვედრებს არ გამართავს და მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია ტელეფონით და სხვა საშუალებებით ექნება. დღეს, 13 მარტს პრემიერ-მინისტრი კანადის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვასაც გეგმავს.
13 მარტის დილის მონაცემებით, კანადაში კორონავირსით დაავადდა 158 ადამიანი. გარდაიცვალა ერთი.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით ინვესტორებში გამოწვეულმა შიშმა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების მკვეთრად გაუფასურება გამოიწვია.
13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. პრევენციის მიზნით შექმნილ სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 58. თვითიზოლაციაშია რამდენიმე ასეული მოქალაქე.
13 მარტის დილის 8 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 25 შემთხვევა. 22 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 3 საჩხერის სამედიცინო ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, 25 შემთხვევიდან ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობას, ერთი ესპანეთს, დანარჩენი კი - პირდაპირ, ან ირიბად იტალიას.
13 მარტის დილის 8 საათის მონაცემებით, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 134,768 ადამიანი. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 70,383. გარდაცვლილია 4,983.
დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით პირველ სამ ადგილზე არიან ჩინეთი, იტალია და ირანი.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.
2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საბავშვო ბაღების, სკოლების და უნივერიტეტების დახურვა გადაწყვიტა. სასწავლო დაწესებულებები მუშაობას 16 მარტიდან შეაჩერებენ. რა დროით, ჯერჯერობით უცნობია.