
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, აცხადებს, რომ გეგმავს პარლამენტს სთხოვოს მხარდაჭერა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

13 მარტის დილის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 პირი იმყოფება. 45 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურე. 12 მარტს საკარანტინო სივრცეში 7 სამხედრო იმყოფებოდა. გორის ჰისპიტალში კარანტინის რეჟიმშია აზერბაიჯანის 4 და ბულგარეთის 1 მოქალაქეც. სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში მყოფთა უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობდა.
ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ 12 მარტს გაგზავნილ 2 ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ ორ პირს არ დაუდასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება. დღეს, 13 მარტს ლაბორატორიაში გაიგზავნება კიდევ 4 ნიმუში.
დავით ბარლიანის განცხადებით, კარანტინის რეჟიმში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღემდე გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცე დატოვა 8 მოქალაქემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის COVID-19 გავრცელების აღკვეთას. 12 მარტიდან თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული იმ 22 პაციენტიდან, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, პნევმონია აქვს 7-ს. მათგან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა რამდენიმე დღეა სტაბილურია და არ პროგრესირებს:
„შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დამაკმაყოფილებელია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა და მას განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნება.
ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ იგეგმება რომელიმე პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაავადების დადასტურებიდან მე-16 დღეს ერთ-ერთ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის კონცენტრაცია შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება:
მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია შედეგი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია, ამიტომ მაინც ჯერჯერობით დადებითად ითვლება, ამიტომ საჭიროა გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ 4 დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“, -აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.