
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდების მხრივ და, რაც მთავარია, ფასები საკვებ პროდუქტებზე სპეკულაციურად არ გაიზარდოს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკვე შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.
ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 15 მარტს უკვე გამართა პირველი შეხვედრა, რომელსაც მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირვევლ არხთან საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტის განკურნებაში რომ სრულად იყოს დარწმუნებული, მისთვის დამატებითი ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გაიცა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი (ირანიდან შემოსული) პაციენტის ხელახალი ტესტის პასუხი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, სუსტად დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ:
„დამატებით მოვითხოვეთ დღეს კიდევ გადამეორება. ვფიქრობ, კიდევ აიღებენ ანალიზს. მეორე პასუხი ცოტა საეჭვო იყო და ჩავთვალეთ, რომ ჯერ ისევ უნდა იყოს. არ დავადასტურეთ სრული გამოჯანმრთელება. გვინდა, რომ ძალიან მყარად ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს პასუხებში“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ პირველ არხს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტესტი ახალ კორონავირუსზე ნეგატიურია, - განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა.
"დღეს საღამოს მივიღე დასტური, რომ ტესტი ნეგატიურია", - ამბობს პრეზიდენტის ექიმი, შონ კონლი, 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. "ბრაზილიის დელეგაციასთან მარ-ა-ლაგოში სადილიდან ერთი კვირის შემდეგ, პრეზიდენტს სიმპტომები არ აღენიშნება", - ამბობს ის, ტრამპის ფლორიდის კურორტის შესახებ.
როგორც ტრამპმა მანამდე, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, მან ტესტი ჩაიტარა მას შემდეგ, რაც კურორტზე კონტაქტი ჰქონდა ბრაზილიის საპრეზიდენტო დელეგაციის რამდენიმე წევრთან, რომლებსაც შემდეგ COVID-19 ვირუსი აღმოაჩნდათ.
თეთრი სახლი მანამდე ამბობდა, რომ ტრამპის მხრიდან ტესტის გავლის საჭიროება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე სამ პირთან, რომლებსაც მოგვიანებით სიმპტომები განუვითარდათ.
ვაშინგტონში ბრაზილიის საელჩომ 13 მარტს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ მის ატაშეს, ნესტორ ფორსტერს, ტრამპთან სადილის შემდეგ სიმპტომები განუვითარდა, ისევე, როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის თანაშემწეს, რომელმაც ტრამპთან ერთად ფოტო გადაიღო.

მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ახალი ზომების შემოღებას COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად, იმ ფონზე, როცა ამ ახალი ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ გლობალურად 156,000-ს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა, ერთ-ერთი მონაცემის თანახმად, 5,800-ზე მეტია.