საქართველო უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა
დღეიდან, 18 მარტიდან საქართველოში ჩამოსვლა სულ მცირე ორი კვირით აეკრძალათ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.
საქართველოს მთავრობამ საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება 16 მარტს მიიღო კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით.
აკრძალვა არ ეხებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, შერეულ ოჯახებს, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა, ჰუმანიტარული მისიით ჩამოსულ პირებს და ლტოლვილის, ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.
კორონავირუსმა ევროკავშირის საზღვრები ჩაკეტა
კორონავირუსის COVID-19 პანდემიის გამო ევროკავშირის სახელმწიფოებმა საზღვრები დაკეტეს. სულ მცირე 30 დღის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს.
ევროკავშირის სახელმწიფოებში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ მოქალაქეებს და ასევე, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის მოქალაქეებს და ბინადრობის უფლების მქონე პირებს. აკრძალვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპა კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად გამოაცხადა.
ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია, სადაც 18 მარტის დილის მონაცემებით, სულ დაავადდა 31 506 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 2 941. გარდაცვლილია 2 503 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულში არიან ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.
საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით დაავადების კიდევ 4 შემთხვევა

საქართველოში 38-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა რიცხვი.
კიდევ 4 პაციენტი, რომლებსაც ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად დაუდასტურდათ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.