თბილისის მერიის მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დროებით ფუნქციონირებას წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები. მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.
„მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა. მისაღებში მოქალაქეებს, ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ. რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.
მისივე სიტყვებით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდებისთვის მერიის შენობის პირველ სართულზე გამოიყო იზოლირებული სივრცე, სადაც მერიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს.
კალაძის სიტყვებით, „ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი“.
პაატა იმნაძე: ბავშვები შესაძლოა, იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ საქართველოში პროცენტულად მაღალია კორონავირუსით COVID-19 ბავშვების დაავადების მაჩვენებელი.
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, რომ როცა ქვეყანაში დაავადების შემთხვევები 40-იც არ არის, სტატისტიკაზე ლაპარაკი არასერიოზულია: „როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 000 შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა“.
პაატა იმნაძის განცხადებით, ბავშვები, საბედნიეროდ, რჩებიან დაბალი რისკის კატეგორიაში როგორც დაავადების მიღების, ისე სიმძიმის თვალსაზრისით: „თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით. რადგან მათ თვითონ ძალიან მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების იგივე, ბაბუებისა და ბებიებისთვის“.
პაატა იმნაძე: ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება მოსალოდნელი ეპიდსიტუაციის მიხედვით

„ნოსტრადამუსი ნამდვილად არა ვარ და არც ვანგა“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის COVID-19 შიდა გავრცელება და როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი.
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება მოსლოდნელი ეპიდსიტუაციის მიხედვით.
ჯანდაცვის მინისტრი: იქ, სადაც მგზავრთა მოჭარბებული ადგილებია, ავტობუსები დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ქალაქებში მგზავრთა ნაკადებს ყოველდღიურად იკვლევენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყოველდღიურად ვატარებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადებია ტრანსპორტში, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებსა და მონაკვეთებზე, სადაც შეინიშნება მგზავრთა მოჭარბებული რაოდენობა, დაემატება ავტობუსები", - თქვა მან.
დღეს პირველი დღეა, რაც საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა. ქალაქებსა და ქალაქებს შორის მხოლოდ ავტობუსები მოძრაობს.