სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაასახელა 7 პროდუქტი, რომელიც არ გაძვირდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანახმად, შიდა ბაზარზე ყველაზე მეტად გაზრდილი მოთხოვნა დღეს არის ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილსა და რძის ფხვნილისგან წარმოებულ პროდუქტებზე.
მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ პროდუქტებზე ფასების მერყეობაა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და ამიტომ შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ფასის მერყეობას დააზღვევს. ლევან დავითაშვილის თანახმად, მუშავდება დეტალები, რათა ეს მექანიზმი ბიზნესისთვისაც მისაღები იყოს:
„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი იმისთვის რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის, სავალუტო რისკები იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს 18 მარტის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.
ლევან დავითაშვილი: ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებრისკიანია. ამიტომ, ეს კიდევ უფრო დასაშვებია", - თქვა მინისტრმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. მთავრობის რეკომენდაციით, იხურება კვებისა და სხვა თავშეყრის ადგილები, გაუქმდა კულტურული ღონისძიებები და გადაიდო სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 38 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 პირი, 216 კი სტაციონარში.
თელავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე გაიხსნა

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მოეწყო კიდევ ერთი საკარანტინო ზონა. 18 მარტის მდგომარეობით, ქალაქის სამ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში იმყოფება საერთო ჯამში 160 ადამიანი. კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაშია 198.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანა სამი პირი.
ნელი ხიზანიშვილის ცნობით, წუხელ, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.
ირაკლი ჩიქოვანი: შემუშავდება 7 ძირითად პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მექანიზმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის მეორნეობის მინისტრს დაავალა, დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს და მკვეთრ ცვლილებებს არ დაექვემდებაროს:
„შესაბამისად სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას მექანიზმზე “, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფასებით შეეძლოს ძირითადი პროდუქტების შეძენა.
ირაკლი ჩიქოვანს არ დაუსახელებია, რომელ 7 მთავარ პროდუქტზე იყო მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის 18 მარტის შეხვედრაზე.