საქართველოში კორონავირუსით (COVID 19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 61-ს მიაღწია
ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID 19) შემთხვევათა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ღამის 12 საათიდან საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა იკრძალება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მარტს, ღამის 12 საათის დადგომასთან ერთად ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა იკრძალება. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერს პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ამის გამო ვზღუდავთ ყველა შიდა სატრანსპორტო გადაყვანას. მათ შორის, რკინიგზით", - თქვა მან.
ამ დრომდე, საქალაქთაშორისო ან ქალაქის შიგნით მგზავრების მხოლოდ მიკროავტობუსებით გადაყვანა იყო აკრძალული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.