საქართველოში COVID-19-ის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა.
საერთო რიცხვი 73-მდე გაიზარდა. მათგან დადასტურებულია გამოჯანმრთელების 10 ფაქტი.
პაატა იმნაძე: გაფართოვდა ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების ქვეყნების გეოგრაფია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თანახმად, ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია ქვეყნების მიხედვით გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით ყველა შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება:
„ფიქსირდება უკვე თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები - ერთი შემოსულ და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ განეკუთვნება ახალ კლასტერს:
„არც ერთი დამატებული შემთხვევები ქვეყანაში დღეს არ არის ახალი კლასტერები. 4 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული, მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები ანუ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლელული იყო ასევე სხვა პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ მარნეულში "ჯეოჰოსპიტალში", სადაც ეს ქალბატონი იყო. ასევე პერსონალი "ჯეოჰოსპიტალის". გარდა ამისა, ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერჯერობით ყველა უარყოფითია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ 24 მარტს მან თქვა, რომ შესაძლებელია, ეპიდკვლევებით მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყაროც დადგინდეს. მისი განმარტებით, დანარჩენ ყველა შემთხვევაში პაციენტთა ინფიცირების წყარო ცნობილია.
გაბუნია: კორონავირუსის გავრცელების პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც იყოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, გადავადდება და შესაძლებელია, არც დადგეს.
„სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს არ გავაკეთებთ, მეშვიდე-მერვე კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან.
ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები. ამრიგად, მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს არ მივიღოთ ეს პიკი და ჩვენი მიზანიც ეს არის“, - უთხრა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თუ დაინფიცირების შემთხვევების მატება მაინც აღინიშნება, მაშინ საუკეთესო იქნებოდა, ეს მატება და გამოვლენა მოხდეს ეტაპობრივად და ნელა.
საქართველოს მთავრობა კვლავ განმარტავს, სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს.
- აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა;
- საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს;
- აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს. ისეთები, როგორიცაა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები;
- 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია:
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;
- სამედიცინო დაწესებულებებში;
- საჯარო დაწესებულებებში;
- თავდაცვის ძალებში;
- პენიტენციურ დაწესებულებებში;
- თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.