Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:49 25.3.2020

კორონავირუსის სიმპტომებით კლინიკაში 9 დღის ბავშვი მოათავსეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 9 დღის ბავშვია მოთავსებული. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხს ელოდებიან:

"გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევა დადასტურდა. მომეტებული საფრთხის გამო კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა ბოლნისისა და მარნეულის რაიონები.

11:28 25.3.2020

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთს, ორი - აშშ-ს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი ახალი პაციენტიდან ორის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ერთის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება:

„გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული 3 პაციენტიდან 2 არის ამერიკის ისტორია, ერთი საფრანგეთის ისტორია...როგორც იძახიან, ყველა იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით. მე არ ვიცი ეს როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით საავადმყოფოში განთავსებამდე ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

11:13 25.3.2020

საქართველო კორონავირუსის 1 ცალ სწრაფ ტესტს 5,5 დოლარად ყიდულობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის პრევენციისთვის ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა 5,5 დოლარი უჯდება. სახელმწიფომ ჩინეთში წარმოებულ ტესტებზე (Shenzhen Bioeasy Biotechnology) შეაჩერა ყურადღება და ხელშეკრულებაც გააფორმა.

"ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დარგობრივი ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანია სარგებლობს მაღალი საქმიანი რეპუტაციით და წარმოებული პროდუქცია ფართოდ გამოიყენება როგორც ჩინეთის ბაზარზე, ასევე, მსოფლიო სხვა ქვეყნებში, რაც ადასტურებს ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნა მინისტრისთვის მიწერილ წერილში მისმა მოადგილემ.

დოკუმენტით, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვე, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა ამ სწრაფი ტესტის გამოყენება დღეიდან, 25 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამინისტრო ამ ეტაპზე ამ პროცესში კერძო კომპანიების ჩართვას არ განიხილავს.

11:01 25.3.2020

მარინა ეზუგბაია: მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გუშინ, 24 მარტს ცენტრი დატოვა მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. შესაბამისად თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისათვის მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დანარჩენ ხუთ კლინიკაში 41. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო ახალი სამი პაციენტიდან 2 განთავსდა.

25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული.

73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.

კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG