Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:22 27.3.2020

საქართველომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა

საქართველომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ვიცი, ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. კომპანია Bioeasy-მა, იქედან გამომდინარე, რომ არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თავად გაიწვია იქედან, სადაც ის იყო გაყიდული", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ამ კომპანიასთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ საქართველოში მცდარი დიაგნოსტირება მოხდება:

"მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა. ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გადამოწმებას ლუგარის ცენტრში და აქედან გამომდინარე ვაკვირდებით ტესტების სანდოობას და შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოყენებისთვის".

რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდებოდა. ხელშეკრულება Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან იყო დადებული.

13:33 27.3.2020

COVID-19-ით საქართველოში დაავადებული ბოლო ორი პაციენტიდან ერთი ბათუმის კლინიკაშია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი დღეს, 27 მარტს დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პაციენტი ევროპაში მოგზაურობდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

27 მარტის შუადღის მონაცემებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება კორონავირუსით დაავადებული სულ 7 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების დამაკმაყოფილებელი.

კიდევ ერთი პაციენტი, რომლის ინფიცირების შესახებ, დღეს გახდა ცნობილი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია.

13:33 27.3.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, კლინიკაში მარნეულიდან და ბოლნისიდან 3 ახალშობილია შეყვანილი. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილები კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო მოათავსეს:

„არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ რეანიმატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისივე თქმით, ახალშობილებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი 27 მარტს შეიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, რომ ერთი დღის ჩვილები დღენაკლულები არიან. ექიმის თქმით, მათგან ერთი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი 27-ზე.

კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს 14 დღის ჩვილი, რომელსაც ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 59 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენი კი საეჭვო.

11:23 27.3.2020

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, - განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

„ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო მედიასა და სხვა პროფესიულ ჯგუფებს მოუწოდებს, ოფიციალური სამედიცინო დასკვნების გამოქვეყნებამდე, მოერიდონ ინფორმაციის წინასწარ გავრცელებას დ სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების ვირუსის გავრცელების დადასტურებულ შეთხვევად შეფასებას.​

გუშინ, 26 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო პირების ახალი კორონავირუსით სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაციას თავად გაავრცელებს. ასე გამოეხმაურა უწყება ხუთი სამხედო პირის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს.

ვაზიანის ბაზიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე 26 მარტს გადაიყვანეს. ამ დღეებში გამოკვლევა ჩაუტარდა კიდევ 2 სამხედროს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG