ანდრია ჯაღმაიძე: თუ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, სინოდი იმსჯელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები თითქმის ყველა ეკლესიაში სრულდება. დამატებითი შეზღუდვების განსახილველად კი სინოდის შეკრება გახდება საჭირო.
„გვითხრეს - 2 მეტრი დაიცავით (დისტანცია შიგნით) და გარეთ - 1,5 მეტრი... ნიშნულები გავაკეთეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს ეს. თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ისევ მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ითათბირონ ამაზე... სინოდის შეკრება არ არის ლიმიტირებული. შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გამო კვლავ შეიკრიბოს სინოდი“, - განაცხადა 29 მარტს ანდრია ჯაღმაიძემ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მორწმუნეებმა ზიარება ისევ საერთო კოვზით მიიღეს 29 მარტს.
„წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, - წერია სინოდის სხდომის 20 მარტის განჩინებაში.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.
ირაკლი ჩიროვანი: "სამეგრელოს ტერიტორიაზე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება"
"სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით. „დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის, შესასვლელებში, გაძლიერებუი საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ."
ამავდროულად, პოლიცია დაიწყებს პატრულირებას რათა გაკონტროლდეს ყველა ის წესი, რაც საგანგებო რეჟიმით არის გათვალისწინებული. საჯარო სივრცეში შეკრებები, სხვადასხვა ობიექტების მუშაობა და ა.შ
ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გამოცხადება და არც კომენდანტის საათის დაწესება. მისი განმარტებით, მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანი იმ პირობებში, რომ აფხაზეთის რეგიონში გართულებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამასთანავე, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.
ტურძელაძე: „გუშინ გაგზავნილი 16 ტესტიდან არცერთი არ დადასტურდა. 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.“
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ სასიცოცხლო ფუნქციები, ტურძელაძე მათი გამოჯანმრთელების იმედს გამოთქვამს. მან ისაუბრა ბოლნისიდან ჩამოყვანილ პაციენტზეც:
„რაც შეეხება ბოლნისიდან ჩამოყვანილ მეთხუთმეტე პაციენტს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ არის პალატაში და არა კრიტილული მედიცინის ცენტრში.“
კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილიდან 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ისაუბრა იმ პაციენტებზეც, რომელთაც ჩივილები არ აღენიშნებათ:
"გუშინ გადაგადზავნილი 16 კვლევიდან არცერთი არ დადასტურდა.
ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ პერიოდულად აქვს 37 სიცხე.
3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ პნევმონია და სხვა ჩივილები არ აქვთ, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ განმეორებითი ტესტირება ჩავატაროთ.“
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.
მარინა ეზუგბაია: "ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას"
"დილის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები გვაქვს 90. გუშინდელი დღის მერე დაგვემატა 5. აქედან ჩვენს ცენტრში არცერთი არ არის დადასტურებული. გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტი და იყო უარყოფითი." - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დღეს ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ამ მონაცემით, ჯამში საქართველოში, ახალი კორონავირუსისგან 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ფიქსირდება.
"გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული 17 პაციენტიდან, რომელთაგან 5 ბავშვია, დღეს ერთი დატოვებს ცენტრს, წინა დღეებში კიდევ ერთი გაეწერა და ჯამში 2 გაჯანმრთელებული ბავშვია, ისინი ბინაზე გადავლენ, დარჩენილი 3-ის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, დამაკმაყოფილებელია."- განაცხადა ეზუგბაიამ
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. 80-ს გადაცილებულ პაციენტთან შეინიშნება სტაბილიზაცია, დილიდან მკვეთრად არ გაუარესებულა მეორე პაციენტის მდგომარეობაც.