პაატა იმნაძე მორწმუნეებს: ილოცეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი მღვდელმთავრები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მორწმუნეებს მოუწოდებს, სახლში ილოცონ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიებში არ მივიდნენ:
„მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს. მე მინდა მივმართო მრევლს. დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია და დავიცვათ ჩვენი მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით.
სახლში ლოცვით დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისაგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.
ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ 6 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
188 ინფიცირებულიდან ორმხრივი პნევმონია 81 პაციენტს განუვითარდა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსით COVID 19-ით ინფიცირებული 188 პაციენტიდან პნევმონია 81 -ს განუვითარდა.
„ჩვენ გვქონდა დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც 8 ადამიანს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე კლინიკებში იმყოფება 6 პაციენტი, რომელსაც კვლავ ესაჭიროება სუნთქვითი მხარდაჭერა. 3 საუნივერსიტეტო კლინიკაშია, 1 ბათუმში, 1 გორში და 1 ინფექიურ საავადმყოფოში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი სიტყვებით, საქართველოში არის 700 სასუნთქი აპარატი, რაც სრულიად საკმარისია პაციენტთა უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე ზრუნვისთვის.
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188-ს შემთხვევა მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
6 აპრილის 13:10 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.
COVID-19 დაუდასტურდა თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს

თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის 2 წარმომადგენელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხ ბექაიას თანახმად, მიმდინარეობს ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა:
„გუშინ მოგვიანებით მოვიდა 2 პასუხი. ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები - დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს შევიდა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.
ექიმის თანახმად, აღნიშნული შემთხვევების დადასტურების შემდეგ, კლინიკაში მიღება რამდენიმე საათით შეჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალის თერმოსკრინინგისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, კვლავ განახლდა:
მარეხ ბექაია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო პერსონალიდან კარანტინში 5 პირია გადაყვანილი:
„მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ეს სიები გადაცემულია, ისინი არიან კარანტინის მდგომარეობაში გადაყვანილები, მათ შორის ის პაციენტებიც, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.