ერთ დღე-ღამეში 286 ადამიანი 3000 ლარით დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 286 პირი საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა. დღე-ღამეში ჯამში 858 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.
ჯარიმის გამოწერის მიზეზები:
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის - 136 მოქალაქე;
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 82 მოქალაქე;
- თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის - 9 პირი;
- მგზავრთა გადაყვანის წესებისთვის - 59 პირი.
დარღვევის გამეორების შემთხვევაში ყველა მათგანს პატიმრობა ემუქრება.
პაატა იმნაძე: ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ახალი კორონავირუსისგან დამცავი ფარის სწორად გამოყენებას ურჩევს. მისი განმარტებით, მხოლოდ ფარი საკმარისი არ არის და მასთან ერთად საჭიროა ნიღაბიც:
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების. რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი, არ უნდა იყოს აწეული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე: ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ მეთოდებსა და გამოცდილებაზე საქართველოს კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადენლებთან:
„რა თქმა უნდა,ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან.
რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან , - განაცხადა პაატა იმნაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების შეკითვაზე, უზიარებს თუ არა საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თავის წარმატებულ გამოცდილებას სხვა ქვეყნებსაც.
კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ.
„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლაინმომსახურებაში, თვითონ ონლაინხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევოებთან ერთად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.