რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი მატება აღირიცხა

რუსეთი იუწყება კორონავირუსით ინფიცირების 2,186 ახალ შემთხვევაზე, რაც ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მონაცემია ეპიდემიის დაწყების შემდეგ. ამით ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაუტოლდა 15,770-ს. დაღუპულია 130 ადამიანი.
ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ კრიტიკოსები რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთ და აცხადებენ, რომ ქვეყანა არ აღრიცხავს რეალურ სურათს.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 11 აპრილს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, "ვხედავთ, რომ მოსკოვში საავადმყოფოები ძალიან ინტენსიურად, გმირულ, სასწრაფო რეჟიმში მუშაობს". პესკოვის თქმით, ვითარება მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში "საკმაოდ დაძაბულია, რადგან დაავადებულთა რიცხვი მატულობს".
ქობულეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
დღეს, მისი თქმით, გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.
"გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შსს-ს და თავდაცვის ძალები.
მოქალაქეებს სახლიდან გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საჭიროებენ პროდუქტის ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.
მათ შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაგრძელება, თუ დაიცავენ პროტოკოლს, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამსახურებმა დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტების მოკვლევა, რომლებიც უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს. მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც უნდა შემოწმდეს ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციულ ერთეულში.
მარინა ეზუგბაია: "სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა"

12 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 252 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ეს არის დაავადების მიმდინარეობის ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა.
"გუშინ დილით იყო 233, მათ დაემატა 19 პაციენტი. თუ ჩვენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ 252-ს, მაშინ გამოვა, რომ დღეს Covid-ის სამკურნალო ცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე.
გუშინ ჩვენს ცენტრში 16 პაციენტთან გაკეთდა ტესტირება და დადასტურდა მხოლოდ 1, მათ შორის მიმდინარეობს იმ ადამიანების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებასაც ველოდებით. ამ ეტაპზე 7 პნევმონია მიმდინარეობს მძიმედ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხდება პროგნოზირება, საჭიროებს დაკვირვებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.