ჭიაბერაშვილი: ტესტირებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რათა დავინახოთ ეპიდემიოლოგიური სურათი

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ტესტირების ნაკლებობა დაბალი სტატისტიკის შენარჩუნებას ემსახურება და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა, გაიზარდოს ტესტირებების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა. ამას გარდა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტი ჩატარდა, მათ შორის, როგორია რისკჯგუფების, პირველ რიგში კი მედპერსონალის ტესტირების შედეგები.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებზე იზრუნოს და, შესაბამისად, არსებულ ვითარებაში დაუყოვნებლივ გადადგას რამდენიმე ნაბიჯი:
„უნდა მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; მოქალაქეებსა და ბიზნესს უნდა დაუბრუნოს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; ასევე, სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება შერჩევითად იყენებს საგანგებო მდგომარეობას და საზოგადოების აღშფოთებას იწვევს ის, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასა თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
27 აპრილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა.
სრულად დაშვებულია საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ძალაში რჩება 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, „კომენდანტის საათი“ საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა, საერთო რიცხვმა 500-ს გადააჭარბა
გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული მონაცემები 28 აპრილს 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საერთო ჯამში 511 დადასტურებული შემთხვევიდან 156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.
28 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.
ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე თვის ათვლა 79 ინფიცირებულითა და 11 გამოჯანმრთელებული პაციენტით დაიწყო.
ნახეთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ⬇️
პირდაპირი: ამირან გამყრელიძისა და ხათუნა ზახაშვილის ბრიფინგი დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.