პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ინფიცირებულებს ელექტრონულად 24 სთ-ს განმავლობაში დააკვირდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე დასაკვირვებლად ე.წ. პაციენტის მონიტორებს ყიდულობს. კლინიკა ასეთი 100 მოწყობილობით აღიჭურვება, რომელთა საერთო ღირებულებაც, დაახლოებით, 219 ათასი ლარია.
მოწყობილობაზე პაციენტის სამედიცინო მონაცემები იქნება აღბეჭდილი და მას დისტანციურად დააკვირდებიან.
"ეს არის ელექტრონული სისტემა, სადაც 24 საათის განმავლობაში აღირიცხება სატურაცია, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე, წნევა და ტემპერატურა. იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინფიცირების რისკი იყოს დაბალი - არ გავზომოთ წნევა ყურით, არ გამოვიყენოთ ვერცხლის წყლის თერმომეტრი და რადგან პლაქველინით მკურნალობენ პაციენტები, ელექტროკარდიოგრამაზე არა გადავიღოთ ყოველწუთიერად", - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლევან რატიანმა.
კლინიკის განმარტებით, მონიტორებისა და ცენტრალური მონიტორინგის სადგურის არსებობის შემთხვევაში კლინიკაში მოგვარდება ორი უმთავრესი პრობლემა: შემცირდება მედპერსონალის ინფიცირების რისკი და პაციენტებს მუდმივად დააკვირდებიან.
"რაიმე მაჩვენებლის ცვლილების შემთხვევაში რეაგირება განხორციელდება მყისიერად", - განმარტავს კლინიკა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ერთდროულად კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტის მოვლა შეუძლია. დღეს ის საქართველოში ინფიცირებულთა მიღების ყველაზე დიდი ცენტრია.
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 638-დან 639-მდე გაიზარდა.
განახლებული მონაცემები 12 მაისს, 10:15 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საქართველოში 24 საათში მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა ბოლოს 29 მარტს დაფიქსირდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში 10-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.
საერთო რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათგან COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის დროს ნიღბები გამოიყენონ.
საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის 23 შემთხვევა აქვს დადასტურებული.
ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული თითქმის ყველა პირი რუსეთში იმყოფებოდა.