ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში PCR ტესტის პასუხით უნდა ჩამოვიდნენ
გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებითვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა. თუკი დღემდე ისინი საქართველოს საზღვარს თავისუფლად კვეთდნენ, დღეიდან, 15 სექტემბრიდან მოუწევთ წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში განმეორებითი PCR ტესტირებისთვის.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა აქვს მხოლოდ გერმანიასთან(მიუნხენი), საფრანგეთთან(პარიზი) და ლატვიასთან(რიგა).
საქართველოში 8 დღემდე შემცირდა სავალდებულო კარანტინის ვადა
უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში ყოფნა 12-ის ნაცვლად 8 დღის განმავლობაში მოუწევთ.
გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან, 15 სექტემბრიდან ამოქმედდა, 7 სექტემბერს მიიღო კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.
უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინე სივრცეს მეცხრე დღეს დატოვებენ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე მერვე დღეს ჩატარებული ტესტირების პასუხი უარყოფითი იქნება. ამასთან, ვალდებულნი იქნებიან მე-12 დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტი გაიკეთონ.
თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყო 14-დღიანი კარანტინი. პირველ ეტაპზე ეს ვადა 12 დღემდე შემცირდა, დღეიდან კი - 8-მდე.
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევაა
დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:
- 1 სექტემბერი - 23;
- 2 სექტემბერი - 38;
- 3 სექტემბერი - 20;
- 4 სექტემბერი - 28;
- 5 სექტემბერი - 25;
- 6 სექტემბერი - 29;
- 7 სექტემბერი - 34;
- 8 სექტემბერი - 45;
- 9 სექტემბერი - 44;
- 10 სექტემბერი - 57;
- 11 სექტემბერი - 87;
- 12 სექტემბერი - 158;
- 13 სექტემბერი - 152;
- 14 სექტემბერი - 165;
- 15 სექტემბერი - 170.
170 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
15 სექტემბრის დილის მონაცემებით:
- კარანტინის რეჟიმშია 6633;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.