კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ხუთ წარმომადგენელს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის თქმით, კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" სამედიცინო პერსონალის ხუთ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„დღეს [13 აპრილს] ჩვენ გავაგზავნეთ 25 ნიმუში ანალიზისთვის და იქიდან ცხრა პასუხი მივიღეთ დადებითი. „თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან“ გვყავს ჩვენ ხუთი პაციენტი. პლუს ერთი, რომელიც ექიმი ქალბატონია, იმყოფება სეფსისის ცენტრში. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ჩვენთან არ არის. დანარჩენი ხუთი პაციენტი არის ჩვენთან და მედპერსონალია. ერთი მათი ნათესავი, ერთ-ერთი კიდევ... ასე რომ, რაოდენობა გაიზარდა. დანარჩენი ოთხი პაციენტი ამ 9-დან, რა თქმა უნდა, ჩვენი პაციენტები, სულ სხვადასხვა მიმართულებებიდან არიან. უცხოეთიდან ჩამოსული, კონტაქტები და ა.შ. დღეს საღამოს ცხრა პაციენტით გაგვეზარდა კოვიდინფიცირებულების როდენობა და მან მიაღწია 12-ს“, - თქვა დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევაა
საქართველოში 272-დან 296-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.
განახლებული მონცემები 14 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 296 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 68. გარდაცვლილია 3.
296-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.
ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობას განაახლებს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად 16 მარტიდან დაწესებული კარანტინის გამო დაკეტილი მაღაზების ნაწილი. როგორც DW წერს, 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მაღაზიებსა და სამშენებლო და მებაღეობისთვის საჭირო პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებში მყიდველებს მხოლოდ პირბადით და შეზღუდული რაოდენობით შეუშვებენ და დისტანციის დაცვას მოთხოვენ.
კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიას სურს ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს. ავსტრიის მთავრობა 1 მაისიდან აპირებს დანარჩენი მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და სილამაზის სალონების გახსნას და მაისის შუა რიცხვებიდან რესტორნების და სასტუმროების. მაისის შუა რიცხვებამდე დახურულია სასწავლო დაწესებულებები.
ავსტრიაში COVID-19-ით უკვე დაავადდა 14 000-ზე მეტი ადამიანი და 360-ზე მეტი გარდაიცვალა.
ზომები შეარბილა კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფმა ესპანეთმა. 13 აპრილიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო ფირმებმა და ცალკეულმა საწარმოებმა.
ესპანეთში COVID-19-ით უკვე დაავადდა 170 000-ზე მეტი ადამიანი და 17 700-ზე მეტი გარდაიცვალა.
კარანტინის ზომებს არბილებს დანიაც, სადაც 15 აპრილიდან გაიხსნება დაკეტილი საბავშვო ბაღები და სკოლები. დანიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 6 000-ზე მეტი ადამიანი და 280-ზე მეტი გარდაიცვალა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევაა, რომ კორონავირუსით დაზარალებულმა ქვეყნებმა კარანტინის შემსუბუქება არ იჩქარონ.
ბოჭორიშვილის კლინიკაში სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები მკურნალობენ
ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში სასულიერო პირის ოჯახის სამი წევრი მკურნალობს. მათგან ვინ გახდა ინფიცირების წყარო, ექიმისთვის ამ დროისთვის უცნობია:
„ვინ არის წყარო, ოჯახის რომელი წევრი მერე შეიძლება იმის წინა წყაროებზე საუბარი. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახურები მიხედავენ“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით კოვიდ-19-ით დაავადებული სასულიერო პირს აქვს მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასულიერო პირის დაინფიცირება ტაძარში მოხდა, იქ სადაც მსახურობდა. "კურიერის" თანახმად, ტაძარი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, სასულიერო პირის კონტაქტები კი შესწავლილია.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, კლინიკა "თიმის" თანამშრომელია სასულიერო პირის და, რომლის 4 თანამშრომელს და ოჯახის წევრებს ასევე დაუდასტურდათ კოვიდ-19.