შეთანხმება გამოცხადდა - დიდ ეკლესიებში სოციალური დისტანცია, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება გამოაცხადა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება. ჩიქოვანი აზუსტებს, რა შეზღუდვებს მოიცავს შეთანხმება.
„ჩვენ მივიღეთ გადაყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცირება, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინსიტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენტანდის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვას“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჯანდაცვის მინისტრმა შემთხვევათა ზრდის ორი ე.წ. ცუდი სცენარი დაასახელა

„დღესდღეობით, შემთხვევათა ზრდის ორ მაგალითს განვიხილავთ. პირველ მაგალითზე ვდგავართ და კარგ შემთხვევაში ეს დინამიკა გაგრძელდება, მაგრამ განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის ის ცუდი გამოსავლები, რომელიც არის მოსალოდნელი, თუ ყველა წესს თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით არ დავიცავთ“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრი ხსენებულ სცენარებს ერთკომპონენტიან გათვლას უწოდებს.
„მე დავასახელე მხოლოდ ერთი რიცხვი. ესაა 9 მაისი და ამას ჩვენ ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც, რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ანუ, შეიძლება, იყოს 2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – აღნიშნავს ტიკარაძე.
საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა
საქართველოში 306-დან 336-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.
განახლებული მონცემები 16 აპრილს, დაახლოებით 10:20 საათზე გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 336 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 74. გარდაცვლილია 3.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საზღვარგარეთ კორონავირუსით გარდაცვლილია საქართველოს 9 მოქალაქე.
გერმანია კარანტინის რეჟიმს ამსუბუქებს

გერმანიის მთავრობა იწყებს კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის შემსუბუქებას. გადაწყვეტილება 15 აპრილს, საღამოს მიიღეს კანცლერ ანგელა მერკელის და გერმანიის 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრების თათბირზე.
გერმანული მაუწყებლის DW-ს ინფორმაციით, 20 აპრილიდან გაიხსნება მაღაზიები, რომელთა სავაჭრო ფართი 800 კვადრატულ მეტრამდეა. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვა. მუშაობას განაახლებენ ავტოსალონები და ველოტრანსპორტის და წიგნის მაღაზიებიც.
ამასთან, ისევ ძალაშია ყველა სხვა შეზღუდვა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია. გერმანიაში დახურულია კაფეები, რესტორნები და სასტუმროები. აკრძალულია ეკლესიებში, მეჩეთებსა და სინაგოგებში შეკრება. აგვისტოს ბოლომდე აკრძალულია კონცერტები და სხვა მასობრივი ღონისძიებები.
4 მაისიდან დაგეგმილია სკოლების მუშაობის ნაწილობრივ განახლება. პირველ ეტაპზე სწავლას უფროსკლასელები გააგრძელებენ.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინფორმაციით, კარანტინის შემდგომ შემსუბუქებაზე 30 აპრილს იმსჯელებენ.
გერმანიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შედარებით იკლო კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა, თუმცა, ბოლო ორ დღეში მომატებულია გარდაცვლილთა რიცხვი. საერთო ჯამში, ქვეყანაში უკვე დაავადდა 134 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 3800-ზე მეტი გარდაიცვალა.