Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა


ლაგოდეხის მერია
ლაგოდეხის მერია

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო ლაგოდეხის მერიის საფინანსო სამსახურის სახაზინო-საბუღალტრო განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა. გია კუდაშვილმა გათავისუფლების შესახებ მერს სპეციალური განცხადებით მიმართა, სადაც წერს, რომ მმართველი პარტიის უღირსი, სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, აღარ სურს საჯარო სამსახურში მუშაობა. კუდაშვილის წერილში ასევე წერია, რომ მისი მხრიდან ქართული ოცნების მისამართით დემარშის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული პროცესები და მერიაში საჯარო მოხელეების მხრიდან 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას გამოთქმული მოსაზრებები გახდა. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ 20 ივნისს აქციის დარბევისა და ახალგაზრდების დაშავების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. გია კუდაშვილი მერიაში 2010 წლიდან მუშაობდა. ის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ კურსი რუსეთისკენ მიდის.

გია კუბლაშვილი
გია კუბლაშვილი

„არ მსურს რუსეთის მომხრე რეჟიმი... ჩემ მიერ თანამდებობის დატოვება ასევე უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს. ეს არის ჩემი პროტესტი, რომელიც ამ ფორმით დავაფიქსირე და არ ვაპირებს აქციებზე მისვლას. ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო დაგვიანებული და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს“, - განაცხადა გია კუდაშვილმა.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ გია კუდაშვილი დეტალურად წერს განაცხადში მიზეზებს, რის გამოც თანამდებობა დატოვა. მდივნიშვილის თქმით, ის პატივს სცემს ნებისმიერი თანამშრომლის გადაწყვეტილებას, ამიტომ უკვე დააკმაყოფილა მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ჯონდო მდივნიშვილი
ჯონდო მდივნიშვილი

„არავითარი შენიშვნა მასთან, როგორც თანამშრომელთან, არ მქონია და არც მისი მხრიდან ყოფილა რაიმე სახის პრეტენზია, გნებავთ, სამსახურთან ან ჩვენი გუნდის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან დაწერა განცხადება. განცხადებამ გაიარა შესაბამისი პროცედურები და დაკმაყოფილდა. ის დღეს უკვე აღარ არის ჩვენი თანამშრომელი. ეს მისი პოზიცია და გადაწყვეტილებაა. მე პატივს ვცემ ნებისმიერი თანამშრომლის და ასევე მოქალაქის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა.

ყველამ უნდა შეაქციოს ზურგი ამ მთავრობას და შემდეგ იძულებული გახდებიან თანამდებობებიდან წავიდნენ.

ეს პირვველი შემთხვევაა ლაგოდეხში, როდესაც საჯარო მოხელე მმართველი გუნდის წინააღმდეგ წავიდა, მისი საჯარო პოლიტიკა გააკრიტიკა და ამის გამო თანამდებობა დატოვა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხეთ, რას ფიქრობენ მერიის მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებაზე და რუსთველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე, ასევე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე, რომ თანამდებობიდან გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების ნაწილი გია კუბლაშვილის გადაწყვეტილებას ამართლებს და ამბობს, რომ, „წესით, ყველა საჯარო მოხელე ასე უნდა მოიქცეს“.

„სწორად მოიქცა, თანამდებობა რომ დატოვა. ადგილობრივ მთავრობაში კარგი ადამიანები კიდევ დარჩენილან. ყველამ უნდა შეაქციოს ზურგი ამ მთავრობას და შემდეგ იძულებული გახდებიან თანამდებობებიდან წავიდნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა. გამოკითხულთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ „მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ წავა და ვინ დარჩება თანამდებობაზე“.

20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს დაშავებულ ახალგაზრდებს შორის კახეთიდანაც არიან. ერთ-ერთი თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმღძვანელი ნიკოლოზ შარვაშიძეა. ის მცირე ხნით დაკავებულიც იყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. შარვაშიძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ახლა თავად შარვაშიძე გეგმავს სამართლებრივ ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიმართ პოლიციამ ძალას გადაამეტა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG