Accessibility links

ლაგოდეხში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ


დევნილების საცხოვრებელი ლაგოდეხში

ლაგოდეხში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა, რომ თბობის სეზონისთვის მერია მათ მხოლოდ 100-100 ლარს გადასცემს, სადღესასწაულო დახმარებები კი გაუქმებულია. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს ინფრასტრუქტურულთან ერთად ეკონომიკური პრობლემებიც აქვთ. ამბობენ, რომ 36 ოჯახიდან არც ერთი არ არის დასაქმებული. დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. რა პასუხი აქვთ ბრალდებებზე მერიაში და გეგმავს თუ არა პრობლემების მოგვარებას თვითმმართველობა?

Direct link

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები, რომლებიც ლაგოდეხში, ათწლეულებია, ცხოვრობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ლაგოდეხში ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება პრობლემებზე საერთოდ არ რეაგირებს, პრობლემათა შორის კი ასახელებენ როგორც ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, ასევე ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ლაგოდეხში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ გიული ბეღელურს ახლა ყველაზე მეტად ის აშინებს, როგორ მოახერხებენ ზამთრის ცივ დღეებში გათბობას, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ თბობის სეზონისთვის 100 ლარი გამოუყო და უთხრა, რომ მთელი ზამთარი უნდა იმყოფინონ.

დევნილების დასახლება ლაგოდეხში
დევნილების დასახლება ლაგოდეხში

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... გამოგვიყოფენ 100 ლარს და ეს თანხა უნდა ვიკმაროთ თბობის სეზონზე. ეს როგორ? ეკონომიურად რომ მოვიხმაროთ გაზის გამათბობლები, თვეში 80 ლარის ბუნებრივ აირს წვავს. ადრე ადგილობრივი ხელისუფლება აღდგომას და ახალ წელს 50 ლარს გვაძლევდა და ახლა, ამ გამგებლის [ჯონდო მდივნიშვილი] ხელში, ესეც აღარ არის. მაინცდამაინც ჩვენი თანხების შეკვეცა მოხდა. ამდენი წლებია, აქ ვცხოვრობთ და არც ერთი ჩვენგანი არ არის დასაქმებული“.

ჩვენ ლტოლვილები ვართ, გადმოხვეწილი. ჩვენ ხომ არ დავტოვეთ ის ადგილები, ძალით დაგვატოვებინეს და ვითხოვთ ხელისუფლებისაგან დახმარებას.

ლაგოდეხში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები სხვა პრობლემებზეც ჩივიან. მათი თქმით, დასახლებამდე მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ არათუ ფეხით სიარული, ავტომანქანით გადაადგილებაც კი გართულებულია. განსაკუთრებით დიდი პრობლემა მოსწავლეებს ექმნებათ. დევნილების თქმით, შენობა, სადაც ცხოვრობენ, ნესტიანია, ზოგჯერ სახურავიდან წყალი ჩადის, შენობის სარდაფში კი ქვეწარმავლები ბინადრობენ. დევნილები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე აღარ მიმართავენ, რადგან ზუსტად იციან, რომ მათგან რეაგირება არ იქნება.

„10 წელი, ჩამოსვლის დღიდან, ვეხვეწებით გაგვიკეთონ გზა, მაგრამ არ აკეთებენ. ყველა რომ სუფთად მიდის სკოლაში, უგზობის გამო ჩვენი ბავშვები მიდიან დასვრილები. წვიმის დროს კი გავლა საერთოდ შეუძლებლია“.

„ექიმთან გამოკვლევას რომ გაიკეთებ ადამიანი და შემდეგ წამალს რომ ვეღარ იყიდი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! უკვე გვრცხვენია, რომ კიდევ ერთხელ მივმართოთ მუნიციპალიტეტს. ფაქტიურად, მათხოვრებად გვაგრნობინებენ თავს...“

„ჩვენ ლტოლვილები ვართ, გადმოხვეწილი. ჩვენ ხომ არ დავტოვეთ ის ადგილები, ძალით დაგვატოვებინეს და ვითხოვთ ხელისუფლებისაგან დახმარებას“.

დევნილების დასახლება ლაგოდეხში
დევნილების დასახლება ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სულ 64 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათგან 36 - ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში. დევნილები ამბობენ, რომ წელს მათთან არც საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი წარმომადგენლები მისულან. შესაბამისად, ამბობენ, რომ, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძე დევნილთა ბრალდებებს უყურადღებობის შესახებ არ იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ბიუჯეტში მათთვის მხოლოდ 100-ლარიანი ერთჯერადი დახმარებაა განკუთვნილი, რომელიც თბობის სეზონზე მათ დახმარებას გულისხმობს. მერის მოადგილე აბობს, რომ გზის პრობლემის შესახებაც იციან და შეეცდებიან მომავალ წელს მოაგვარონ.

„ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის დამატებითი დახმარებების გაწევა და გამოყოფა წლევანდელ ბიუჯეტში, სამწუხაროდ, გათვალისწინებული არ არის. არც ის არის დანაშაული, თუ გაუქმდა რაიმე დახმარება ან დაემატა, ან კიდევ შეიცვალა. რაც შეეხება გზის პრობლემას, არანაირად არავინ იფიქროს და არც იგულისხმოს, რომ უკუვაგდებთ ან არ ვაქცევთ ყურადღებას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში იყოს ეს პრობლემა მოგვარებული“.

კახეთში აფხაზეთიდან დევნილები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. მათ უმეტესობას სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში აქვს გადაცემული, თუმცა ამბობენ, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, რადგან ვერ საქმდებიან, არ აქვთ მუდმივი შემოსავალი, სახელმწიფოს დახმარება კი გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG