Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის გრძელი გზა ეუთოს მინისტერიალამდე


სერგეი ლავროვი და მარია ზახაროვა ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 1 დეკემბერი, 2023 წელი.
სერგეი ლავროვი და მარია ზახაროვა ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 1 დეკემბერი, 2023 წელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მგზავრობაც გაურთულდა და სკოპიეში ჩასვლის შემდეგ, რუსეთზე ნათქვამი მრავალი აუგიც მოისმინა; დაისვა კითხვა - რას ემსახურებოდა რუსეთის დაშვება ეუთოს მინისტერიალზე?

საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი შეკითხვა - უნდა ჩასულიყო თუ არა ეუთოს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მაშინ როდესაც ლავროვის გამო მინისტერიალს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ ბოიკოტი გამოუცხადეს?

ამ კითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობის პასუხი უარყოფითია; ექსპერტები კი ასე ცალსახად ვერ ამბობენ, მით უფრო, რომ ეუთოს მინისტერიალზე ევროკავშირის მკაცრ განცხადებას რუსეთის მიმართ საქართველომ მხარი დაუჭირა.

ლავროვის გრძელი გზა სკოპიემდე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალზე უყურადღებოდ დარჩა და ეს ბევრმა შენიშნა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სხდომაზე დასასწრებად მიმავალს, გზად არავინ ესალმება. სიტყვით გამოსვლისას კი, 30 ნოემბერს, მის ზურგს უკან დამსწრეები, მოსმენის ნაცვლად, თითქოს თავიანთი საქმეებით არიან დაკავებული.

ლავროვი არც მინისტერიალის მთავარ, ჯგუფურ ფოტოზეა, რომელიც ეუთოს მინისტრებმა, როგორც ჩანს, სკოპიეში მის ჩასვლამდე გადაიღეს. ამ ფოტოზეა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელმაც სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა.

1 დეკემბერს, მინისტერიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბლინკენს ადრე წასვლით, რუსეთის იზოლირების ჩვენება სურდა, მაგრამ რუს მინისტრს აქვს თავისი ვერსიაც, რომ ბლინკენს შეეშინდა „ფაქტებით გულახდილი საუბრის“. იგივე თქვა ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელზე, რომელიც ასევე არ შეხვედრია.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქამდე გზა სერგეი ლავროვსა და მის თანმხლებ პირებს - ბულგარეთის გადაწყვეტილების გამო გაუჭიანურდათ.

  • ჯერ თითქოს მის თვითმფრინავს, ერთჯერადად, ბულგარეთის საჰაერო სივრცით უნდა ესარგებლა; მაგრამ ბულგარეთმა უარი თქვა მას შემდეგ - რაც გაირკვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე იქნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, დასავლეთის მიერ სანქცირებული მარია ზახაროვა. სოფიამ დაშვება, მისი საჰაერო სივრცის კვეთაზე, მხოლოდ ლავროვისთვის გააკეთა და არა სხვა სანქცირებულებისთვის.
  • საბოლოოდ, ერთჯერადად ლავროვის თვითმფრინავს მიეცა საბერძნეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება.

გამოთვალეს, რომ ამ ცვლილებამ მანძილი 4000 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დრო 5 საათით გაზარდა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მიუხედავად ლავროვის წინასწარი განცხადებებისა, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრა ისურვეს, სკოპიეში გამართული შეხვედრები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, ლავროვი შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიისა [ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე] და მალტის [ეუთოს მომავალი მოქმედი თავმჯდომარე] წარმომადგენლებს - ეუთოზე სალაპარაკოდ; და კიდევ უნგრეთის, ავსტრიის, ყაზახეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ზოგიერთ მათგანთან გადაღებული ფოტოები 2-2-ჯერ არის გამოქვეყნებული. ზოგან მითითებულია, რომ შეხვედრა ხანმოკლე იყო, სხვა დეტალების გარეშე.

რატომ მიიწვია ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ - ჩრდილოეთმა მაკედონიამ - ლავროვი?

ეს კითხვა ყველაზე მეტად აღელვებდათ უკრაინაში, სადაც აშკარად შვებით ამოისუნთქეს ლავროვის ორმხრივი შეხვედრების სიმწირის გამო. უკრაინაში რუსეთის ეუთოდან გარიცხვას ითხოვენ.

„როცა რუსეთს არ აგდებენ, არ რიცხავენ, ან სადმე იწვევენ, ის ამას თვლის მოწინააღმდეგის სისუსტედ, ფეხქვეშ გაგებად... რაც უფრო სწრაფად გაიგებენ ამას ცივილიზებულ მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება ისევ ცივილიზებული მსოფლიოსთვის“, - ამბობს პოლიტოლოგი იგორ რეიტეროვიჩი უკრაინის რუსულენოვანი ტელეარხის - FREEДОМ-ის ეთერში. მისი შეფასებით, ეუთო ყოველთვის მიკერძოებული იყო რუსეთის მიმართ და მისი დამკვირვებლები ოკუპირებულ დონბასში დარღვევებზეც ხუჭავდნენ თვალს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა, რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ ეუთოს არ აქვს ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის მექანიზმი.
თავად რუსეთი კი ორგანიზაციის დატოვებას არ გეგმავს.
ლავროვმა, 1 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეუთო მომაკვდავია, მაგრამ მისთვის სულერთია ეუთოს ბედი.
ეუთოში წევრთა რიცხვი 57-ს შეადგენს.

ჟოზეპ ბორელმა 30 ნოემბერს თქვა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ სერგეი ლავროვის მინისტერიალზე მიწვევამ ერთგვარი უხერხულობა გამოიწვია ზოგი ქვეყნისთვის, მაგრამ თავად მან - ლავროვის დასწრება დაახასიათა „კარგ შესაძლებლობად“ იმისათვის, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ მოესმინა - რას ედავებიან მას და რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლავროვის ჩასვლამ სკოპიეში რუსეთისთვის საზიანოდ იმუშავა. პოლიტიკის ექსპერტი არ ფიქრობს, რომ ეუთოს მინისტერიალზე ლავროვის მიწვევის უკან - რუსეთის მიმართ ევროპისა და აშშ-ის შეცვლილი პოზიცია ან დათბობის სურვილი დგას.

„შეიძლება კარგიც იყო ლავროვის მონაწილეობა მინისტერიალზე. მისი ეს უტიფარი გამოსვლა ხელს უწყობს მთელი საერთაშორისო საზოგადების კონსოლიდირებას. ყველა ხედავს, რომ რუსეთთან საუბარს აზრი არა აქვს... "ყველას მინუს ერთი" - უფრო და უფრო ყალიბდება ეს შეგრძნება და მათ შორის - ეუთოშიც“, - ვალერი ჩეჩელაშვილი ასევე გვეუბნება, რომ „ლავროვი ჩვეულ პროპაგანდისტულ კლიშეებს აფრქვევდა“, „თავი დაიმცირა“ და „შეუძლებლია, რომ მას ვინმეზე ზეგავლენა მოეხდინა“.

ცივი ომის დასრულების მიზნით შექმნილი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) დღემდე მსოფლიოს უდიდესი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაციაა. მის ფარგლებში რუსეთმა არაერთხელ დაბლოკა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

  • 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის აქტიურობით გაუქმდა ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
  • ეუთო, გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, დღემდე ასრულებს თანათავმჯდომარის როლს ჟენევის საერთაშირისო მოლაპარაკებებში და ჩართულია ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში, რომლებიც ერგნეთში იმართება.
  • ასევე ეუთოს სტრუქტურაა - ODHIR-ი [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი] - რომელიც ერთგვარი კომპასის როლს ასრულებს ამა თუ იმ ქვეყანაში არჩევნების შეფასების კუთხით. მისი მისიის დასკვნა სარწმუნოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს?

მაშინ, როცა, ლავროვის მიწვევის გამო, ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა, ოპონენტების ერთი ნაწილი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ საქართველოსაც უარი ეთქვა სკოპიეში ჩასვლაზე.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ეუთო მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის, რომლებიც ასევე არიან წარმოდგენილი მინისტერიალზე“.

ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, 30 ნოემბერს, ილია დარჩიაშვილმა რუსეთის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე ილაპარაკა. ოპონენტების ნაწილი თვლის, რომ მას, როგორც ოკუპირებული ქვეყნის მინისტრს, სიტყვის გამოსვლის დროს უფრო მკაფიო მესიჯების დაფიქსირება მოეთხოვებოდა.

ილია დარჩიაშვილს არ უსმენდა ლავროვი, რადგან რუსმა მინისტრმა სხდომათა დარბაზი საკუთარი გამოსვლის შემდეგ მალევე დატოვა.

ლავროვის გამოსვლის დროს დარბაზში არც დარჩიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დარბაზში საქართველოს წარმომადგენელი მაინც იმყოფებოდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი არ ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა დასწრებოდა მინისტერიალს, რადგან „ყველა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებაა საჭირო“; მაგრამ ერთი კი, რის ნახვასაც ისურვებდა - ლავროვის გამოსვლის დროს, საქართველოს ადგილი დარბაზში ასევე ცარიელი ყოფილიყო - მაშინ, როცა მინისტერიალის მონაწილეთა ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა გასულიყო. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს იქნებოდა კარგი პასუხი ინსინუაციებზე, რაც მათ შორის საქართველოსთან მიმართებით დააფრქვია სერგეი ლავროვმა“, - აცხადებს ჩეჩელაშვილი, რომლის თქმითაც, 30 ნოემბერს, სკოპიეში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, როცა საქართველო ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ საერთო განცხადებას შეუერთდა.

ევროკავშირის განცხადებას მხარი დაუჭირა 36-მა ქვეყანამ - ევროკავშირის წევრების გარდა კიდევ 9-მ.

„ეს არის ძალიან მკვეთრი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდამჭერი... ამ განცხადებაშია სამი მთავარი, კონკრეტული კომპონენტია, რომ: პირველი - უკრაინის უსაფრთხოება წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს; მეორე - ვიდრე საჭირო იქნება, ევროკავშირი იქნება უკრაინის გვერდით და აღმოუჩენს მას ყველა საჭირო დახმარებას და მესამე - ევროკავშირი უჭერს მხარს პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიან "მშვიდობის ფორმულას", რომელიც მათ შორის - უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების უპირობო გაყვანას გულისხმობს“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ ევროკავშირის განცხადებას დაუჭირა მხარი, თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ევროკავშირის მიერ ეუთოს მინისტერიალზე წარდგენილ დოკუმენტში არაერთ ადგილზეა ნახსენები საქართველოც; როგორც რუსეთის აგრესიის სამიზნე. კვლავ დადასტურებულია ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ერთგულება და გამოხატულია ევროკავშირის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის განცხადების მხარდაჭერა შესაბამისობაშია ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან ერთად დაწესებულ ახალ პირობებთან [9 პირობის ფარგლებში], რომ საქართველომ უზრუნველყოს მეტი შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG