15:00 საათისათვის ქუთასის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 31 საჩივარი შევიდა. აქედან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - 12. დანარჩენი პოლიტიური სუბიექტებს ეკუთვნოთ. როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა აღნიშნა, ყველაზე მეტი, საჩივარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა. საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა.
„ეს არის დადასტურებული „კარუსელი“, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე, სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას, სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ „კარუსელი“, მაგრამ როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა და აღკვეთა, იყო შეხლა- შემოხლა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი დაიხა. ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძველი, შევარდნაძის ეპოქის „კარუსელის“ გამეორება სურს და ამის მაგალითები უკვე არის", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
„ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა მოგეხსენებათ, არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშის“ მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ იმარჯვებენ „ფანტასტიკური შედეგით.“