„მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო ბოლოჯერ ირჩევს პირდაპირი წესით პრეზიდენტს, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი არ არის და შესაძლოა ამის განმაპირობებელი იყოს ის, რომ ეს არის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი და ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამოწურა თავისი თავი. ამასთან, შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატებით გამოწვეული იმედგაცრუება“, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ანარ მამედოვი გააძევეს მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, სადახლოს 29-ე უბნიდან. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ანარ მამედოვმა უბანზე მეორედ შემოსული ამომრჩევლის ბიულეტენი დახია. "ვინ შემოდის და ვინ გადის, არავინ ამოწმებს", უთხრა რადიო თავისუფლებას ანარ მამედოვმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაადასტურეს, რომ საბერძნეთის ქალაქ სალონიკის საარჩევნო უბანზე არ იყო გამოკრული ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შესახებ. „თუმცა, უმოკლეს ვადებში მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. ხელახლა გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც დავით ბაქრაძე იყო მითითებული“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.