Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
13:01 29.10.2018

"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ საზოგადოების განწყობა ვერ აღიქვა და უნდა გამოფხიზლდეს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია „სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.“

„სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი საზოგადოებასთან“ - განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. იხ. მეტი.

12:28 29.10.2018

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან მიღებულ მონაცემებს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 38,5%-მა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 37,6%. ამასთან, ორგანიზაციას არ შეუძლია დარწმუნებით თქვს, რომელია პირველ ადგილზე. იხ. მეტი.

12:21 29.10.2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის პროცესის დაკვირვების შემდეგებს აჯამებს.

12:07 29.10.2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ამომრჩევლის მოსყიდვის საფუძვლიანი ეჭვი აქვს

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების, ძირითადად,მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია. ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადა სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ექვსი საარჩევნო უბნის გარეთ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG