რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ბათუმში ე.წ. კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება მე-6, მე-7, მე-8, 35-ე და 56-ე საარჩევნო უბნებთან. ეს პირები სიებით სხედან უბნების შესასვლელთან სკამებზე, ან მსუბუქ ავტომობილებში და მისულ ამომრჩევლებს აკვირდებიან. რადიო თავისუფლების შეკითხვას, ვინ არიან, ამ პირებმა არ უპასუხეს და სიები დამალეს. ამასთან, აცხადებენ, რომ უკანონოს არაფერს აკეთებენ, თუმცა, ფოტოს გადაღებისას ზოგიერთი მათგანი სახეს მალავს, ან ტერიტორიას სწრაფად ტოვებს.
მარნეულში პოლიციამ დააკავა და შულავერის განყოფილებაში გადაიყვანა „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სოფელ იმირის 59-ე უბანზე. იხ. მეტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლას გეგმავს.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ
შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.
დადგინდა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით,
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.