საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ გვანცა კიკალიშვილს უბანზე გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში 2001 წელს გარდაცვლილი ბებია დახვდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაადასტურეს, რომ საბერძნეთის ქალაქ სალონიკის საარჩევნო უბანზე არ იყო გამოკრული ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შესახებ. „თუმცა, უმოკლეს ვადებში მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. ხელახლა გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც დავით ბაქრაძე იყო მითითებული“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ანარ მამედოვი გააძევეს მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, სადახლოს 29-ე უბნიდან. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ანარ მამედოვმა უბანზე მეორედ შემოსული ამომრჩევლის ბიულეტენი დახია. "ვინ შემოდის და ვინ გადის, არავინ ამოწმებს", უთხრა რადიო თავისუფლებას ანარ მამედოვმა.