"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ საზოგადოების განწყობა ვერ აღიქვა და უნდა გამოფხიზლდეს
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია „სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.“
„სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი საზოგადოებასთან“ - განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. იხ. მეტი.
საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარია შესული
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევებზე საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს ეხება. მათი ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა -განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისივე განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. განხილვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს საოლქო საარჩევნო კომისიასაც. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში,სასამართლოშიც გასაჩივრდება.
ამ დროისათვის საქართველოს პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100 პროცენტი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალიზებულ ვებ-გვერდზე. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბრამდე უნდა შეაჯამონ, არაუგვიანეს 17 ნოემბრისა კი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელთა ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მთლიანობაში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა და კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია. იხ. მეტი.
ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი პროცენტი თბილისში ვაკეში და ქალაქებიდან რუსთავში მიიღო
ხმების დათვლის შედეგების მიხედვით ზურაბ ჯაფარიძემ დავით უსუფაშვილს გაუსწრო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით. 29 ოქტომბრის 2:15-ის მონაცემებით, გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა 2,26 % (36 026 ხმა) მიიღო და კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. იხ. მეტი.