Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლარსზე ეკონომიკური ბლოკადა ირღვევა" - რამ გაზარდა ტვირთბრუნვა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე


ზემო ლარსი, რუსეთ-საქართველოს საზღვარი
ზემო ლარსი, რუსეთ-საქართველოს საზღვარი

რუსეთი საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის ზრდით კმაყოფილია. "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის ზრდა და შედეგები საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა "ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებული ბლოკადის რღვევად" შეაფასა და თქვა, რომ რიცხვები რეკორდულია.

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა 21 ივნისს გაავრცელა ცნობა, როგორ ეწვია "ზემო ლარსს" ამავე უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან დავიდოვი და ის სარგებელი შეაჯამა, რომელიც გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის შემდეგ მიიღეს.

რუსეთის საბაჟო სამსახური იუწყება, რომ რეკონსტრუქციამდე სასაზღვრო გადასასვლელი დღეში მხოლოდ 170 სატვირთო მანქანის გატარებაზე იყო გათვლილი, დღეს კი 39 გამტარი ზოლია, აქედან, 12 სატვირთო მანქანებისთვის, 24 მსუბუქი ავტომობილებისთვის, 2 ავტობუსებისთვის, 1 კი სარეზერვო.

"19 ივნისს ორივე მიმართულებით 1322-მა ავტომანქანამ გაიარა. ეს ნამდვილი რეკორდია არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი სხვა საგუშაგოსთვის. პარალელურად, გავატარეთ 2800 მსუბუქი ავტომობილი და გავუშვით 11 000 ადამიანი...

ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს, ზემო ლარსზე ირღვევა. ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორით ჩვენ 15 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეგვიძლია.

გასულ წელს, ხუთ-ნახევარი თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოში მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 5,6 მლნ ტონა ტვირთი დაამუშავეს;. წელს, იმავე პერიოდში - 7.8 მილიონი ტონა", - თქვა რუსლან დავიდოვმა, რომელსაც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ციტირებს.

მისივე ვარაუდით, წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ტვირთბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. "მხოლოდ "ზემო ლარსზე" სავაჭრო ტვირთბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა გვაქვს". უწყება ხაზს უსვამს იმასაც, რომ "ზემო ლარსი" დღეს მოქმედი ერთადერთი გამშვები პუნქტია, რაც სომხეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, რუსეთი (1 059.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (1 194.9 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში შედის.

რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობის ფონზე, რუსლან დანილოვის განცხადება "პროვოკაციულად" მიაჩნია "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს. თუმცა, ამატებს, რომ სასიამოვნო არაა, როცა ბლოკადის პირობებში რაღაც გამორჩენას მაინც პოულობს რუსეთი საქართველოს გამოყენებით.

"მთლიანად ევროკავშირის ბლოკადას მხოლოდ ლარსიდან ვერ გაარღვევ, ის კი არა, ყაზახეთიდანაც ხომ ღია აქვთ, ჩინეთთანაც აქვთ საზღვარი და ვისთან არ ვაჭრობენ, რაღა მაინცდამაინც ლარსიდან გადალახეს...

ჩვენც არ ვაკლებთ ყველანაირ შეცდომებს, მაგრამ დამატებით, რუსები გვეხმარებიან, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ეს ყველაფერი ევროკავშირისთვისაც არის სიგნალი, რომ "აი, საქართველო როგორ გვეხმარება და რა მაგრები ვართ", მეორეს მხრივ, ევროკავშირისთვის დამატებითი არგუმენტია, "ხომ ხედავთ, გამოდის, რუსეთს ეხმარებით". მე, მაინც პროვოკაციული [განცხადება] მგონია, დუმაშიც არაერთხელ უხსენებიათ საქართველო დადებითად. შიდა მოხმარებისთვისაც მოსწონთ ასეთი საუბარი, თითქოს, მოახერხეს ჩვენი დამორჩილება, რაც მათთვის სარეიტინგო საკითხია", - ამბობს ის.

რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის, რუსლან დანილოვის განცხადებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს წილი რუსეთის ეკონომიკაში მცირეა და "არასწორია" საქართველოს დახმარებით "ბლოკადის დარღვევაზე" საუბარი:

"საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში 0,3%-ია, აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს რაღაც არსებითი ცვლილება ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს სიმართლეს აცდენილია, ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა ეკონომიკა, არასწორია.

ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ხალხს და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება".

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ღვინის მიწოდებით საქართველო რუსეთში პირველ ადგილზეა.

აპრილში საქართველომ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით ესპანეთს გაუსწრო, ახლა კი იტალიასთანაც დაწინაურდა - რუსეთის საბაჟოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში 24.15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, იტალიიდან - 23.36 მლნ ლიტრი.

ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად აქტიურდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხიც. 8 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა ამ საკითხზე საუბრისას საქართველოც ახსენა. მისი კომენტარი ევროპულმა გამოცემა Politico-მ გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, ო'ბრაიენმა თქვა, რომ სანქციებისგან თავის არიდება რჩება "სერიოზულ პრობლემად" და დაასახელა ხუთი ქვეყანა (თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი), რომლებთან მიმართებითაც შეერთებულმა შტატებმა "მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება".

XS
SM
MD
LG