Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და სანქციები - ზუსტად რა თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა


უწყობს საქართველო ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში?
უწყობს საქართველო ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში?

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე საუბრისას საქართველოც ახსენა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახსნა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება „კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის“; რომ „საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს“.

ამ ამბავზე პირველი ცნობა ევროპულმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა 8 ივნისს. გამოცემის თანახმად, ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისგან თავის არიდება რჩება „სერიოზულ პრობლემად“ და დაასახელა ხუთი ქვეყანა, რომლებთან მიმართებითაც შეერთებულმა შტატებმა „მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება“:

  • თურქეთი
  • ყაზახეთი
  • საქართველო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • სომხეთი

პუბლიკაციის პასუხად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია“.

კონტექსტი - კონფერენცია

Politico-ს ცნობა შეეხებოდა ჯიმ ო’ბრაიენის გამოსვლას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ო’ბრაიენი 7 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს“ (ECFR) ორგანიზებულ დისკუსიაზე იმყოფებოდა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • კარლ ბილდტი, ECFR-ის თავმჯდომარე და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • იოვიტა ნელიუპსიენე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • არანჩა გონსალესი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი
  • ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციების კოორდინატორი

დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ასევე, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით.

„სანქციების პირველი შედეგი“

ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ „სანქციები და ექსპორტის კონტროლი ცხადად უთხრის ძირს რუსეთის სამხედრო მანქანას“. და შემდეგ, - მოდერატორის კითხვაზე პასუხად, - აღწერა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2022 წლიდან:

„დაიწყო ომი. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსეთში მნიშვნელოვანი ელექტრონიკის ექსპორტი. ყველაფრისა, რასაც ორმაგი დანიშნულება აქვს, მაგრამ ასევე სხვა მასალები, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის არმიისათვის, - მაგალითად, პროცესორები, ინტეგრირებული სქემები, ჩიპები“.

ო’ბრაიენის თანახმად, რუსეთის ნახევარგამტარების 90% და ინტეგრირებული სქემების 70% იმპორტირებული იყო - „ყველაფერს ყიდულობდნენ დიდი შვიდეულის ქვეყნებისგან და ცოტას ჩინეთისგანაც“.

„[სანქციების შედეგად], შარშან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთს აღარ მიუწვდებოდა ამ ყველაფერზე ხელი. ასე რომ, როცა კითხულობდით, ყოველ ღამე რატომ არ ბომბავდნენ კიევს, - იმიტომ, რომ მასალები არ ჰქონდათ საამისოდ. და [ეს] სანქციების ძალიან ხელშესახები შედეგია“, - თქვა მან.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, 6 თვის შემდეგ დაინახეს, რომ სანქციებს გვერდს უვლიდნენ:

„ჩვენმა, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, დაიწყეს ექსპორტირება სხვა ქვეყნებში, - არაერთ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით გაიზარდა ექსპორტი თურქეთში, საამიროებსა და ყაზახეთში“.

თუმცა, ო’ბრაიენის განცხადებით, საკითხის ახლოდან დაკვირვება აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით სხვადასხვანაირი ვითარებაა. აქ მან თავდაპირველად თურქეთი გამოყო:

„თურქეთს, როგორც კი დაველაპარაკეთ ამ საკითხზე, პრობლემებზე… მათ იციან, რომ განვიხილავთ [თურქეთის] სანქცირების შესაძლებლობას“…

„ამიტომ დავდივარ საქართველოში“

თურქეთის ხსენების შემდეგ, ო’ბრაიენს საუბარი გააწყვეტინა მოდერატორმა და ჰკითხა, რამდენად სერიოზული პრობლემაა სანქციების გვერდის ავლა.

ო’ბრაიენის განცხადებით, ეს „მოცულობითი“, „მნიშვნელოვანი“ პრობლემაა, - ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთმა შეძლო ელექტრონიკის გარკვეული, საკვანძო კატეგორიის რეიმპორტი, რითაც მიუახლოვდა ომამდელ დონეს.

„ცხადია, ეს არის ის, რისი გაგრძელებაც არ გვინდა. მაგრამ აქ ორი საკითხია: რუსეთი კვლავ დეფიციტის წინაშე დგას, რადგან 2022 წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში მას არ ჰქონდა წვდომა ამ საგნებზე. რუსეთი ახლა საომარ ეკონომიკას მართავს, ამიტომ მას ეს საგნები სჭირდება იმაზე გაცილებით მეტი რაოდენობით, რაც მას ომამდე შემოჰქონდა. და მათ არ აქვთ წვდომა ამაზე“, - განაცხადა მან.

ო’ბრაიენის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა „პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების დამსახურებით, რუსეთის უნარი, აწარმოოს იარაღი, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“.

„ვიცით, რომ [სანქციების გვერდის ავლა] სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში, ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში, სხვა ადგილებში… გვყავს ჯგუფი, რომელიც თურქეთში დადის და ა.შ.“, - განაცხადა მან.

როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას?

ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, როგორ მიუდგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პრობლემას:

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ნივთების ექსპორტი თავად უნდა შეგვეწყვიტა. რადგან ეს ვაჭრობა, - იმის გამო, რომ ტექნიკურად ორმაგი დანიშნულების ტვირთი იყო, - ლეგალური იყო. ასე რომ, მაგალითად, ყაზახეთში მისი გაგზავნა ლეგალური იყო“, - განაცხადა მან.

მისი განმარტებითვე, პირველად ევროკავშირმა დააწესა ამ მიმართულებით შეზღუდვები, რასაც დიდი შვიდეულის ქვეყნები თებერვალში მიჰყვნენ. „და ახლა უკანონოა ამ ნივთების გაგზავნა, თუკი ვფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყენებენ მათ. ვაჭრობის შესახებ მონაცემები ოდნავ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ, რომ რიცხვები მცირდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

„მეორე მხარეა ურთიერთობა იმ საკვანძო ქვეყნებთან, რომლებსაც იმპორტისთვის იყენებენ. მეორე მხარეა, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ: "ხომ იცით, რომ თქვენ ფულს ძირითადად შოულობთ ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან ურთიერთობით. და რატომ აყენებთ ამას რისკის ქვეშ რამდენიმე პარტიის გადაზიდვის გამო?" ამის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ:

  • თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები, და თქვა, რომ რეექსპორტს არ დაუშვებდა;
  • ყაზახეთმა შეიმუშავა პროცედურების ახალი პაკეტი, და ვხედავთ, რომ [რუსეთთან აღნიშნული საქონლით ვაჭრობის] რიცხვები მცირდება;
  • UAE მზადაა, იმოქმედოს, როდესაც კონკრეტული ინფორმაციით ვუპირისპირდებით;
  • და სხვა რამდენიმე ქვეყანაც იწყებს ამ პროცედურების დანერგვას;
  • ასე რომ, იმედია, ეს რიცხვები შემცირდება“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.

ო’ბრაიენის თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი არის ის, რომ „რუსეთი აღარ არის ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის ცენტრი“.

სანქციების მე-11 პაკეტი

ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს არსებული სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილებას და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევიან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუპსიენემ 7 ივნისის დისკუსიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტის შემდეგ, EU-ს ხელთ აქვს შესაძლებლობა, სანქციები დაუწესოს ნებისმიერ პირს/კომპანიას ევროკავშირს მიღმა, თუკი ისინი ხელს უწყობენ სანქციებისგან თავის არიდების პროცესს.

მისი თქმითვე,

  • ამ პაკეტის მე-7 დანართი მოიცავს კომპანიებსა და ინდივიდებს, - და იქ შეყვანილი კომპანიების ნაწილი ირანულია;
  • ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამდენად შესაძლებელია ამ სიაში არათუ ინდივიდებისა და კომპანიების, არამედ სახელმწიფოების შეყვანა;
  • ლიეტუვა ემხრობა ასეთ ნაბიჯს, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ „უკანასკნელი საშუალება“ შეიძლება იყოს.

XS
SM
MD
LG