Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა მულაძე და ელენე რუსეცკაია ჩორჩანელების გასაჭირზე


ლელა მულაძე და ელენე რუსეცკაია ჩორჩანელების გასაჭირზე
please wait

No media source currently available

0:00 0:21:20 0:00

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თითქმის წელიწადია სწავლობს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს. ასეთ დასახლებებს შორისაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები: წაღვლი და ჩორჩანა, რომელზეც ბოლო ხანს ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული მოვლენების გამო ხშირად გვესმის. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკაია რადიო თავისუფლების ეთერში ჩორჩანაზე ყვება: „ვიყავით გაოგნებული იმით, რაც ვნახეთ სოფელში. ვლაპარაკობ გაჭირვებაზე და პირობებზე, რომლებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. დავინტერესდით მათი პრობლემებით და გარკვეული აქტივობებიც მოჰყვა ამას”. ჩორჩანაში დღეს 19 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ჩორჩანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ლელა მულაძე 10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმარი იყო. ის თბილისში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩავიდა. ლელა მულაძე სოფლის მდგომარეობას აღწერს: „სოფელს ძალიან დიდი ხანია არ აქვს გზა. ხაშურის მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება დაგვეხმაროს ამ საკითხში. სოფელს არ აქვს სკოლა, საბავშვო ბაღი. ბავშვებისთვის განათლება აუცილებელია და ამის გამო ისინი მეზობელ სოფელში, ბროლოსნის საჯარო სკოლაში დადიან. ასევე, ბავშვებს არ აქვთ მინი-სტადიონი და ამისთვისაც მეზობელ სოფელში დადიან, 7 კილომეტრის მანძილზე. სოფელს არ აქვს წყალი, განსაკუთრებით - ზაფხულის პერიოდში. სოფელში არსებული ორი წყარო ზაფხულის პერიოდში შრება და თითქმის უწყლოდ ვრჩებით. სოფელში თითქმის ყველას აქვს სარეცხი მანქანა, მაგრამ წყლის ჩასხმა შიგნით ხელით გვიწევს ხოლმე. არ გვაქვს სარწყავი წყალი. დახვნა-დათესვა პრობლემაა, ტრაქტორი დეფიციტია ჩვენს სოფელში, მეზობელი სოფლიდან უნდა გამოვიწეროთ ტრაქტორი, შორი გზის გამო ძვირიც ღირს და უარსაც ამბობენ ამოსვლაზე. ამიტომ, თავის დროზე ნახევარ ჰექტარზე მეტს ვერ ვხნავთ და ვერ ვთესავთ. ბევრი რომ დავთესოთ, გვალვის გამო ძალიან დიდ ხარჯს და ზარალს მივიღებთ“. ლელა მულაძე შიშობს, რომ მის შვილებს შეიძლება სოფელში დარჩენის სურვილი გაუქრეთ: „პირადად მე ორი ბიჭი მყავს - 20 და 22 წლისები და კითხვას ვსვამ - რით დავაინტერესო მე ისინი, რომ სოფელში დარჩნენ და სოფელი გავამაგროთ? ძალიან კარგად გვესმის ყველგან პრობლემებია, მაგრამ ჩვენთან არის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელი და ეს ნიშნავს იმას, რომ სტრესითა და შიშით ვიღვიძებთ ყოველ დილით - რომ გათენდება, ეკლიანი მავთულხლართები არ დაგვხვდეს. წარმოიდგინეთ, ამ პრობლემებით დატვირთულებს ეს სტრესული ყოველდღიურობაც გვემატება“. ჩორჩანის მცხოვრები ყვება, რომ სოციალური პრობლემები სოფელში ყოველთვის იყო, თუმცა, აქამდე მინდორში საქონლის გაყვანასაც ახერხებდნენ და ტყეში შეშის შეგროვებასაც. ახლა, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო ვერც ერთს ვეღარ ახერხებენ: „ჩვენი ძირითადი შემოსავალი კანონის ფარგლებში, დანომრილ ტყეში მუშაობაა. ახლა ჩორჩანაში მიმდინარე პროცესების გამო, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ტყეშიც ვეღარ გავდივართ. არადა, ბანკებთან გვაქვს გარკვეული პირობები შესასრულებელი... გვითხრეს, სადმე რამეს გამოგიყოფთო, მაგრამ ახლა არის სეზონი. ამ თვეში თუ არ მოვიმარაგეთ ფქვილი, პროდუქტი, ზამთარში 6 თვე რომ ჩავიკეტებით, მერე გამოსვლა ძალიან ძნელია... ამჟამად არაფერია შემოსავალი. ვისაც მოხუცები გვყავს სახლში და პენსიები გვაქვს, ცოტ-ცოტა რაღაც გვაქვს. 35 კილომეტრია რაიონის ცენტრამდე. იმის გამო რომ კვირაში სამჯერ დადის ავტობუსი, ვერ ვივლით ხაშურში სამსახურებში“. ჩორჩანაში არ არის ინტერნეტი. მხოლოდ მობილური სატელეფონო კომუნიკაციაა. ავტობუსი სოფლიდან ხაშურისკენ კვირაში სამჯერ დადის. ამით მოსახლეობა უკმაყოფილოა. აი, რას ყვება ლელა მულაძე სოფლის მცხოვრებთ სამედიცინო სერვისებთან წვდომაზე: „ამბულატორიაც მოგვიტანეს, დაგვიდგეს, მაგრამ ამბულატორიაში არ არის პირველადი დახმარების წამლები. მოიტანეს ვაგონი, დაგვიდგეს და ამბულატორიაში არ არის გულის წამალი. ექიმი კვირაში ერთხელ დადის, პარასკეობით. სხვა დღეს თუ დაგვჭირდა ექიმი, ხაშურში უნდა გადავიდეთ. ჩვენი სახსრებით უნდა დავიქირაოთ მანქანა, ან გამოვიძახოთ სასწრაფო“. ელენე რუსეცკაია ამ ეტაპზე სოფლის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციის საჭიროებაზე ლაპარაკობს: „ის, რომ ტყით ცხოვრობდნენ და შეშას ყიდიდნენ ოფიციალურად, ამაზე ლიცენზია ჰქონდა რამდენიმე ოჯახს და დღეს დაიკეტა ეს გზა, ალბათ კარგი იქნება, სახელმწიფო დაინტერესდეს და რაღაც კომპენსაცია შეთავაზოს

XS
SM
MD
LG