Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიახვის ხეობის სოფლები აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ


დევნილთა დასახლება ხურვალეთში
დევნილთა დასახლება ხურვალეთში

დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები ახლა საქართველოში გაბნეულ სხვადასხვა დასახლებაში ცხოვრობენ. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც ისინი ყველაზე ხშირად თავის სოფლებში გატარებულ წლებს იხსენებენ და მუდამ იმაზე ფიქრობენ, ახლა რა ხდება. ცხინვალის ჩრდილოეთით, პირველი ქართული სოფელი თამარაშენი იყო. ივანე მაჩაბლის აივნიანი სახლ-მუზეუმი, ლიახვის ჭალა, ბაღ-ბოსტნები, მაღაზიები, ბანკების ფილიალები, სასტუმრო და საცურაო აუზიც კი - აი, ასეთი თამარაშენი ახსოვს დარეჯან დათაშვილს. მისი მშობლიური სოფელი აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის გარეუბნად აქციეს, რუსეთის დაფინანსებით კორპუსები ააშენეს და „მოსკოვსკი“ დაარქვეს. დარეჯანი ამბობს, რომ თამარაშენში, რომელიც უნიკალური სოფელი იყო, გადარჩა მხოლოდ სასაფლაო, სადაც მისი შვილიცაა დაკრძალული, თუმცა, 10 წელია საფლავის მონახულებას ვერ ახერხებს.

გადმოწერა

„სოფელი და ქალაქი ერთად შერწყმული - აი, ასეთი იყო თამარაშენი. უნიკალური ჰაერი და წყალი. მაჩაბლის მუზეუმი, ახალი, ძალიან კარგი სკოლა, მაღაზიები, ბანკი - ყველაფერი, რაც საჭირო იყო ცხოვრების პირობებისთვის. ბავშვებისთვის ატრაქციონები გაკეთდა, საცურაო აუზი შენდებოდა, მაგრამ ვინ გვაცალა?! ეხლა აღარაფერი აღარ არსებობს. აღარც სახლები. მარტო სასაფლაოა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას დარეჯან დათაშვილმა.

მაქვს ნანახი დღევანდელი ფოტოები და ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ვცდილობ ისევ ისეთი მახსოვდეს, ლამაზი, მხიარული. ჩემი სახლი შუა სოფელში იყო, მაგრამ სულ მწვანეში ჩაფლული. და ეხლა, ჩემი შვილი პირველად ტყეში რომ წავიყვანე, ხეების შეეშინდა და ტირილი დაიწყო.

გალინა ქელეხსაევა ქემერტიდან დევნილია. ომამდე ქემერტიც ხალხმრავალი და ხალისიანი სოფელი იყო. გალინამ 2008 წლის სექტემბერში მოახერხა ქემერტში დარჩენილი დედის სანახავად შესვლა და ცარიელი და გადამწვარი სოფელი ნახა. „ერთი სახლიც აღარ იყო. ქემერტი და ჩვენი ხეობის კიდევ 9 სოფელი ძალიან კარგი სოფლები იყვნენ, ერთ მუშტად შეკრული. მშვიდობიანი ცის ქვეშ ვცხოვრობდით ყველაფრით უზრუნველყოფილი, ყველას ჰქონდა შემოსავალი და სამსახური. ხილის ბაღებიც გვქონდა. ღმერთმა ქნას, რომ გაერთიანდეს საქართველო და ისევ ისე ვიცხოვრებთ“ - ამბობს გალინა ქელეხსაევა

პატარა ლიახვის ხეობაში, ერედვის გვერდით იყო პატარა ქართული სოფელი არგვიცი. ლია ხუბულური ამ სოფლიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ბუნებით და ხალხით მდიდარი სოფელი - ასე დაამახსოვრდა არგვიცი და იქ დაბრუნებას ყოველდღე ნატრობს.

„მაქვს ნანახი დღევანდელი ფოტოები და ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ვცდილობ ისევ ისეთი მახსოვდეს, ლამაზი, მხიარული. ჩემი სახლი შუა სოფელში იყო, მაგრამ სულ მწვანეში ჩაფლული. და ეხლა, ჩემი შვილი პირველად ტყეში რომ წავიყვანე, ხეების შეეშინდა და ტირილი დაიწყო. იმედი მაქვს, ჩემი შვილები მაინც შევლენ და ისევ იმ სიმწვანეში და სილამაზეში იქნებიან“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია ხუბულურმა. მისივე თქმით, რამდენადაც იცის, არგვიცშიც ყველანაირი კვალი წაშლილია, გარდა სასაფლაოსი, მეზობელ ერედვში კი რუსულ ბაზას აშენებდნენ. ფრისიც პატარა ლიახვის ხეობის შერეული სოფელი იყო. წლების განმავლობაში ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ. ომის დროს ქართველები იძულებული გახდნენ საკუთარი სახლები მიეტოვებინათ და სოფელში მხოლოდ ოსები დარჩნენ. მაია ცოტნიაშვილიც შერეული ოჯახის შვილია, ბებია ფუხაევა ჰყავდა. დღეს იცის, რომ მის სახლში მეზობელი შევიდა და ცხოვრობს, მაგრამ არ ბრაზდება, რადგან ამით სახლი განადგურებას გადაურჩა. მაია ცოტნიაშვილის თქმით, ყოველი წლის აგვისტოში უახლდება ის ტკივილი, რაც ომის დროს განიცადა.

„შერეული სოფელი იყო. ქართველები და ოსები ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. ეხლა წარმომიდგენია დაცლილი და სულ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე ოსური ოჯახი. განიცდიან უჩვენობას და ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დავბრუნდეთ. რომ ვიცოდე, რომ ხვალ შევალ და იმათ გვერდით ვიცხოვრებ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდით“ - ამბობს მაია ცოტნიაშვილი.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა დიდი ლიახვის ხეობაში 9 ქართული სოფელი დაიკავეს. პატარა ლიახვის ხეობაში 10 სოფელი, ხოლო ფრონეს ხეობაში 2 ქართული სოფელია ოკუპირებული. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სახლების დიდი ნაწილი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაწვეს და ახლა მათი კვალის სრულად განადგურების პროცესი მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG