Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როცა აცრას იტარებ, იცავ არა მარტო შენს თავს"


"როცა აცრას იტარებ, იცავ არა მარტო შენს თავს"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:23 0:00

საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ვაქცინაციაზე, მათ შორის - სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შორის. რა სურათია დღეს ქვეყნის ვაქცინაციით მოცვის კუთხით და რა იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაში? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი, ლია ჯაბიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდაზე, თუმცა, მისთვის ცნობილია საზოგადოების ერთი ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულებაც ვაქცინაციის მიმართ. ლია ჯაბიძე მნიშვნელოვნად თვლის საზოგადოების მეტად ინფორმირებას ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. ამისთვის მუშაობს სპეციალური ფეისბუკ-გვერდიც - "იმუნიზაცია", სადაც ნებისმიერს შეუძლია სპეციალისტებისგან მიიღოს პასუხი შეკითხვებზე. საინფორმაციო კამპანიის ნაწილია აპლიკაცია, რომელიც წელს განახლდა და რომლის ჩამოტვირთვა დღეს უკვე ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზეა შესაძლებელი: "Georgiaimmunization-ს გადმოწერთ App Store-იდან ან Play Store-იდან და რეგისტრაციის გავლის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ბავშვის, ან თქვენი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ. გარდა ამისა, მას აქვს შეხსენების ფუნქცია. აგრეთვე მიიღებთ ინფორმაციას ყველა ინფორმაციას დაავადებების შესახებ, ვაქცინების შესახებ - რა ვაქცინებით კეთდება აცრები, რა დაავადებების წინააღმდეგ. არის ძალიან კარგი "ფორმა-63" - ვაქცინაციის ბარათი, რაც სჭირდებათ ხოლმე მშობლებს ბაღში ან სკოლაში წარსადგენად. "ბლუთუსით" შეგიძლია დაუკავშირდეთ პრინტერს და ამობეჭდოთ ეს ფორმა". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წევრი სხვა ორგანიზაციების მსგავსად საქართველო აღნიშნავს იმუნიზაციის კვირეულს, რომელიც ტარდება სლოგანით - "აცერი და დაიცავი". ლია ჯაბიძე განმარტავს, რომ აცრილი ადამიანი მხოლოდ თავს არ იცავს: "როცა აცრას იტარებ, იცავ არა მარტო შენს თავს, არამედ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ ეტაპზე ვაქცინაციის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი". ლია ჯაბიძე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ექიმების როლსა და პასუხისმგებლობაზე მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების საქმეში და იმ ორჭოფობის დაძლევაში, რაც საზოგადოების ყველა ფენაში შეიძლება არსებობდეს: "ვთხოვ ჩემს კოლეგებს გაააქტიურონ მუშაობა ამ კუთხით. ყველანაირი პირობა აქვთ ამისთვის". 2019 წელს საქართველოში დაფიქსირდა წითელით დაავადების 3000 შემთხვევა. წითელა ვაქცინაციით მართვადი დაავადებაა. რა მოხდა? ლია ჯაბიძე "დილის საუბრებში" განმარტავს მიზეზს: "რა ასაკშია ახლა წითელა აქტუალური? - 19-40 ასაკის. ამ ჯგუფზე მოდის შემთხვევების 60% და წლამდე ასაკის, რაც არის ძირითადად 10-12%. ეს იმითაა გამოწვეული, რომ წლამდე აცრა არ კეთდება და ბავშვებს ეს ინფექციები ედებათ ზრდასრული ადამიანებისგან, ხშირად - მშობლებისგან, რადგან ამ ასაკის ბავშვებს ყველაზე მჭიდრო კონტაქტი მშობლებთან აქვთ. 19-40 წლის ასაკის ჯგუფი კი ის ნაწილია, რომელსაც თავის დროზე არ ჩაუტარდა ვაქცინაცია სხვადასხვა მიზეზის გამო. ძირითადად ესაა 90-იან წლებში დაბადებული თაობა. მათ გეგმიური აცრა უკვე აღარ ეკუთვნით და ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს დამატებითი რაუნდები ზრდასრულებისთვის. მივმართავ ყველას, ვისაც არ აქვს ჩატარებული წითელას აცრა, ან არ იცის ვაქცინაციის სტატუსი, ან არ აქვს ინფორმაცია გადატანილი დაავადების შესახებ, ჩაიტაროს აცრა". მიმდინარე წლის დასაწყისში გამოიცა მთავრობის განკარგულება წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ლია ჯაბიძე შეეხო გოგონების პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასაც, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ტარდება და უკვე მეორე წელია გათვალისწინებულია 9-10 წლის გოგონებისთვის და რამდენიმე რეგიონს მოიცავს, 2019 წლის ზაფხულიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს და 9-11 წლის გოგონებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG