Accessibility links

ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით აქციების მეათე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 აგვისტოს


რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკა „ძალაუფლების გადანაწილებაზე“

ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით დაწყებული პროტესტის მეათე დღეც დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტი ისევ ცდილობს, ასობით ათასი უკმაყოფილო ადამიანის მოთხოვნა მასზე „ზეწოლად“ წარმოაჩინოს და პოზიციები არ დათმოს.

ბელარუსის პრეზიდენტი გუშინ თავად შეეცადა გაფიცულებს შეხვედროდა და ერთგვარი ზემოქმედება მოეხდინა მათზე. ის სამხედრო დაკვეთაზე მომუშავე მინსკის ბორბლიანი ბუქსირების ქარხანაში მივიდა, მაგრამ მუშებმა შეძახილებით „წადი, წადი!“ და „ტყუილია“ ტრიბუნა დაატოვებინეს!

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ბელარუსის პრეზიდენტი იმეორებს. რომ „ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, ლუკაშენკამ მუშებთან შეხვედრისას სტრატეგია შეცვალა. მან თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ჯერ რეფერენდუმი გაიმართება საკონსტიტუციო ცვლილებებზე. შემდეგ ქვეყანა ახალ კონსტიტუციას მიიღებს. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის თავიდან არჩევა.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ განცხადებით ლუკაშენკა ცდილობს დრო მოიგოს და ქვეყანაში საპროტესტო მუხტი დააგდოს.

წაიკითხე მეტი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და იმ სტრატეგიაზე, რითაც ალექსანდრ ლუკაშენკო თავისი 26-წლიანი მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მტკვარში „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის ცხედარი იპოვეს

გუშინ მტკვარში მაშველებმა ორი დღით ადრე გაუჩინარებული ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის ცხედარი იპოვეს.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ინფორმაცია უწყებამ ოჯახთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. გარდა ამისა, მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას სრულად გადაიბარებს შსს-სგან.

"საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება", - აცხადებენ უწყებაში და პირობას დებენ, რომ ამ საქმეზე ინტენსიურად მიაწვდიან ინფორმაციას ოჯახსა და საზოგადოებას.

წაიკითხე მეტი.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა იწყება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეიდან იწყება.

მათი წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოს გაიმართა. ექვსივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან არასრულწლოვანთა საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

როდის იქნება მზად დოკუმენტი, რომლითაც პანდემიის დროს ბაგა-ბაღებმა უნდა იმუშაონ

უჩვეულოდ ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ ბავშვები ბაგა-ბაღებში 14 სექტემბერს უნდა დაბრუნდნენ. კორონავირუსის პანდემიის პირობებში რა წესებით ამუშავდება ბაღები, ჯერ არავინ იცის, თუმცა სავარაუდოდ ჯგუფებში ბავშვების დასაშვები რაოდენობა გადაიხედება.

როგორ უნდა იმუშაონ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბაგა-ბაღებმა? როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა. უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც ბაღების მართვის დროს ერთგვარი სახელმძღვანელო გახდება.

ბაღებთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება. პროცესში ჩართულია თბილისის ბაღების მართვის სააგენტო და ბიზნესომბუდსმენი. ყველა მხარის ინტერესის გათალისწინებით იქნება დაწესებული ის მოთხოვნები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის განმსაზღვრელი იქნება“, - ამბობს ის.

წაიკითხე მეტი.

გვაქვს თუ არა ლუკაშენკას ვალი

მას მერე, რაც ბელარუსში არჩევნები ჩატარდა, არ წყდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მწვავე კრიტიკა ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ. ქვეყნების ნაწილმა კი - მათ შორის, რუსეთმა, ჩინეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა - კენჭისყრის დასრულებისთანავე მიულოცეს გამარჯვება ბელარუსის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ პრეზიდენტს. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ უჩვეულოდ დიდხანს შეინარჩუნა დუმილი. 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შესახებ პირველი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ 17 აგვისტოს გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილი მოკლე განცხადებაში ამბობს, რომ საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილი და ბოლოს გამჟღავნებული ფრთხილი პოზიცია, დიდწილად, საგარეო-პოლიტიკურ საკითხად მიაჩნია ექსპერტთა ნაწილს და ამ სიფრთხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან აკავშირებენ. უფრო კონკრეტულად კი, ლუკაშენკას მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხესთან. ხელისუფლებაში ამ სიფრთხილეს „პრაგმატულ ინტერესებს“ უწოდებენ. ყველა მხარის შეფასება წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ჩვენთვის ეს ფრინველი ინდოეთიდან მოდის. ასევეა რუსებისთვის, სომხებისთვის, ფრანგებისა და თურქებისთვისაც. თავად ინდოეთში „თურქულს“ უწოდებენ. პორტუგალიელებისთვის „პერუა“. მალაიზიელებისათვის „ჰოლანდიური ქათამია“. არაბულად კი, ზოგან „რომაული ქათამია“, ზოგან - ეთიოპიური. არც ერთი ეს სახელწოდება ახლოსაც კი არაა ამ ფრინველის სამშობლოსთან - ჩრდილოეთ ამერიკასთან. მაშ, რა ხდება? რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას ინდაურზე?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG