Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას „დამოკლეს მახვილი“


ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სერიოზული ზეწოლის ქვეშაა პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნის გამო, არათუ არ აპირებს რეპრესიების შერბილებას, არამედ მორიგი „ანტირევოლუციური კანონის“ მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ავტორიტარული ძალაუფლების განსამტკიცებლად.

ლაპარაკია ბელარუსის მოქმედის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ ხელმოწერილ კანონზე, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაშალონ საპროტესტო აქციები.

პარალელურად, ლუკაშენკას რეჟიმი ცდილობს, დახუროს ან ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებაროს ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი დამოუკიდებელი გამოცემები.

18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში ბლოკირებულია ყველაზე დიდი პორტალი, TUT.BY, მისი თანამშრომლები კი დააკავეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების გადახდაზე უარის თქმის მუხლით“ აღძრული საქმის ფარგლებში.

„სამართლებრივი ალიბი“ რეჟიმის დამცველებისთვის

დამკვირვებლების თქმით, ლუკაშენკას რეჟიმი ამ ნაბიჯებით ცდილობს კიდევ უფრო დააშინოს საზოგადოება, მასობრივი შიშის ქვეშ ამყოფოს ადამიანები და გაზარდოს ფასი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ახალი კანონი ეს არის დამოკლეს მახვილი, რომელიც ბელარუსში თითოეული უკმაყოფილო ადამიანის თავზე უნდა ეკიდოს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომლის სიარჰეი შუპას თანახმად, ლუკაშენკას რეჟიმმა რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, მიიღო კანონი ნაციზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომლის ფარგლებში, აიკრძალა 1918 წელს დამტკიცებული სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - თეთრ-წითელი დროშების - გამოყენება.

ხოლო „მასობრივი არეულობის“ ბრალდებით მკაცრი სისხლის სამართლის სასჯელი შეიძლება დაემუქროს რეჟიმისათვის მიუღებელ ნებისმიერ ოპონენტს.

სამართალდამცველებისათვის - უფრო ზუსტად კი, რეჟიმის დამცველი ძალოვანი უწყებებისთვის - მინიჭებული უფლება, რომ საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაშალონ საპროტესტო აქციები, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ ხელმოწერილ მორიგ „ანტირევოლუციურ საკანონმდებლო“ ინიციატივას წარმოადგენს.

„თითქოსდა ამით ის [ლუკაშენკა] მათ აძლევს გარკვეულ სამართლებრივ ალიბის, რათა უფრო მეტად ჩაითრიოს სამართალდამცველები ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ მისეულ ბრძოლის მეთოდში. თუ აქამდე ამ სამართალდამცველებს მაინც ჰქონდათ გარკვეული შიში, ლუკაშენკა მარადიული არ არის და ხვალ შეიძლება პასუხი გვაგებინონ, სწორად გამოვიყენეთ ძალა, თუ არაო, ახლა ისინი ფიქრობენ, რომ კარტ-ბლანში მიცემულია და მათ შეუძლიათ კანონიერად გააკეთონ, რაც მოესურვებათ. და არა მხოლოდ ახლა, არამედ ლუკაშენკას შემდეგაც. ნებისმიერ სასამართლოზე ისინი თავს გაიმართლებენ, ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, რადგან კანონი გვაძლევდა ამის უფლებასო. გავიხსენოთ ნიურნბერგის პროცესი, როდესაც დამნაშავეები გამოდიოდნენ და ამბობდნენ: მე ჩემი რაიხის კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი და მხოლოდ კანონებს ვასრულდებიო“, - ამბობს სიარჰეი შუპა, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები პასუხს არ აგებენ იმ ზიანისთვის, რომელსაც ადამიანები ასეთი ტექნიკის ან იარაღის გამოყენებით დაკავების შემთხვევაში მიიღებენ, თუ, როგორც კანონი განმარტავს, დაკავება „მოხდება საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად“.

გარდა ამისა, ამიერიდან მილიციის თანამშრომლებს ბელარუსში უფლება აქვთ, არ დაუშვან მათთვის ვიდეო- და ფოტოგადაღება იმ დროს, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში იქნებიან.

„საინფორმაციო ველის“ მოსუფთავება

ამით ლუკაშენკას რეჟიმი ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში არ დარჩეს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, რომელიც გაავრცელებს ძალადობის ამსახველ ინფორმაციას.

18 მაისს ბელარუსში სამართალდამცველებმა უდიდესი პორტალის, TUT.BY-ის, თანამშრომლების სახლებსა და ასევე რედაქციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. რამდენიმე რედაქტორთან - მათ შორის მთავრ რედაქტორ მარინა ზოლოტოვასთან - საცხოვრებელ სახლში ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა ასევე გამოცემის რეგიონალურ ოფისებში.

ამის შემდეგ, როგორც TUT.BY იუწყება, კავშირზე აღარ გამოსულა სხვადასხვა გამოცემის რამდენიმე ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც ოფისთან მივიდნენ.

„ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო სივრცის ტოტალური მოსუფთავება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღის შემდეგ რადიო თავისუფლების საიტი დაბლოკილია და ვარსებობთ მხოლოდ გარკვეულ „სარკისებურ საიტებზე“ (რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პროგრამების მოძებნა შესაძლებელია სხვა საიტებზე - რედ.). ბლოკირებულია სხვა დამოუკიდებელი საიტებიც. დღეს კი არა მხოლოდ მცდელობა იყო ბლოკირების, არამედ ფიზიკურადაც დააკავეს ბელარუსის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი პორტალის - TUT.BY.-ის - ლამის ყველა თანამშრომელი. იმავდროულად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დამალვისა და მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის მუხლით, რაც მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. დღესდღეობით ბელარუსში სრული სამართლებრივი დეფოლტია და ხელისუფლება ნებისმიერ კანონს ისეთ ინტერპრეტაციას აძლევს, როგორსაც მოისურვებს“, - გვეუბნება სიარჰეი შუპა.

მოგვიანებით ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ TUT.BY დაბლოკილია „რიგ პუბლიკაციაში კანონით აკრძალული ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონის მრავალმხრივი დარღვევის გამო“.

დამოუკიდებელი პორტალი TUT.BY ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტრესურსია ბელარუსში. მას ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, რომელთაგან 70 % ბელარუსის 25-დან 44 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. პორტალი დიდ უკმაყოფილებას იწვევს ბელარუსის ხელისუფლებაში, რომელიც სულ ცდილობს ან დახუროს ეს ინტერნეტრესურსი, ან ლუკაშენკას მომხრედ აქციოს.

გასული წლის დეკემბერში TUT.BY-ს ჩამოერთვა მედიის სტატუსი, ხოლო მის ჟურნალისტ ეკატერინა ბორისევიჩს მარტში 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ დაწერა სტატია რომან ბონდარენკოზე, რომლის სიკვდილის ვერსია ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებისას. ეკატერინა ბორისევიჩმა დაადგინა, რომ მინსკელი რომან ბონდარენკოს სისხლში არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, რასაც ხელისუფლება ამტკიცებდა.

მინსკის მკვიდრი რომან ბონდარენკო 12 ნოემბერს სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ჭარბი ძალის გამოყენებას შეეწირა. იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ბელარუსში 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ძალადობას და სამართალდამცველების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ემსხვერპლა.

  • უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში წამების 1000-ზე მეტი მსხვერპლია.
  • ბევრი სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახურულ რეჟიმში ტარდება და მასზე არ ასწრებენ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
  • „ვიასნას“ ცნობით, დღეისათვის ბელარუსში პოლიტპატიმრად 246 ადამიანია მიჩნეული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG