მას ბრალდების მხარე პოლიციელზე თავდასხმას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, პირველი ნაწილი) და მიიჩნევს, რომ დევიძეს მხოლოდ მინიმუმი მიესაჯა, რაც საკმარისი არ იყო, მით უფრო, რომ, პროკურორის მტკიცებით, პოლიციელებმა განიცადეს ტკივილი, ხოლო თავად ბრალდებული დანაშაულს არც აღიარებდა, არც ინანიებდა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც“, - თქვა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარბაზი დატოვა. მანამდე შეწყალების თემასაც შეეხო.
„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, მიფურთხებული ჩემგან...
...მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ, დროებით. გამარჯვებამდე, ბოლომდე!“ – თქვა მან.
მათე დევიძის ბებიამ ეთერ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართლიანი განაჩენის იმედი თავადაც არ ჰქონია: „ისეთი უსამართლოები არიან, ისე უსამართლოდ მოექცნენ ამ ბიჭებს, ჩაკეტეს, რომ მე ამათი იმედი არ მქონდა. ხუბეჯაშვილს [პროკურორი - რ.თ.] ვეტყვი ორ სიტყვას: უფალთან ილოცოს, რომ სამსახურის გარეთ არ გადამეყაროს“.
„წარმოდგენილი მტკიცებულებით არსად დასტურდება ის, რასაც პროკურატურა ედავება. მათე დევიძის საქმე ნაწარმოებია ისეთი დარღვევებით, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვის ციხეში ყოფნას“, - ამბობს ოთარ ფურცელაძე, 21 წლის მათე დევიძის ადვოკატი.
ის აპირებს, განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს და იმედი აქვს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მაინც.
„ჩვენი მიზანი სტრასბურგია“, - თქვა ადვოკატმა.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების - რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
პროკურატურა მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება - მან სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პროკურატურის მტკიცებით, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მათ „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“.
მათე დევიძეს თითქმის ხუთწლიანი პატიმრობა 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიუსაჯა.
ფორუმი