Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლური აღდგომა კორონავირუსის კრიზისის ფონზე


სამარა, რუსეთი
სამარა, რუსეთი

იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები წელს 19 აპრილს, კორონავირუსის გლობალური ეპიდემიის პიკის დროს, იზეიმებენ. მართლმადიდებლური ტრადიციებით ძლიერ, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო წუთებამდე ცხარე კამათის საგანია წირვა-ლოცვის მრევლის გარეშე ცარიელ ტაძრებში ჩატარება, რასაც „ახლობელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად“ ყველა ტრადიციული რელიგიის მიმდევარს ავალდებულებს პანდემიით გამოწვეული საგანგებო ვითარება.

რა მდგომარეობაა აღდგომის მოახლოებული დღესასწაულის წინ უპირატესად მართლმადიდებლებით დასახლებულ იმ ქვეყნებში, სადაც რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.

პატრიარქ კირილეს რეკომენდაცია, რომელსაც ყველა არ იცავს

რუსეთის ფედერაციაში, სადაც სტატისტიკურად მსოფლიოში ყველაზე მეტი (მოსახლეობის, დაახლოებით, 75 %) მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს, წითელ პარასკევსა და აღდგომაზე ეკლესიებში არათუ აღარ იქნება ტრადიციული ხალხმრავლობა, არამედ წირვა-ლოცვას სასულიერო პირები მეტწილად ცარიელ ტაძრებში ჩაატარებენ.

ყოველ შემთხვევაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ ჯერ კიდევ 3 აპრილს გავრცელებული რეკომენდაცია ყველა სასულიერო პირს ურჩევს, მოუწოდონ მორწმუნეებსა და მრევლს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების სრულ გაუქმებამდე არ გამოვიდნენ გარეთ და შინ ილოცონ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად.

მრევლმა ამ დროებით სიძნელეებს უნდა გაუძლოს, „უახლოესი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, - წერია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე.

მაგრამ, როგორც ირკვევა, რუსეთის პატრიარქისა და სინოდის რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია მღვდლების შეხედულებაზე, რაზეც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს თითოეული რეგიონის სპეციფიკა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„ჩვენ მივიღეთ წმინდა სინოდის რეკომენდაცია, ინსტრუქცია, თუ როგორ ჩავატაროთ ღვთისმსახურება ეპიდემიის პირობებში. პატრიარქი კირილე ქალაქ მოსკოვის ეპისკოპოსია, ხოლო თუ როგორ უნდა იმოქმედოს თითოეულმა ეპარქიამ, ამას ადგილობრივი მეუფეები წყვეტენ, რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს ქალაქ ტომსკის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დიონისე ზემლიანოვი. - „საოლქო ხელისუფლება, თავის მხრივ, ზღუდავს ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებას 50 კაცზე მეტის მონაწილეობით. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ ადამიანებმა ტაძარში დაიცვან დისტანცია ერთმანეთს შორის, მრევლი კი ერთმანეთში თანხმდება, თუ ვინ რომელ დღეს მოვა, რომ ეკლესიაში არ წარმოიქმნას ზედახორა“.

ზიარების დროს ჩვენ არ ვკოცნით ბარძიმს, საზიარებელ კოვზს ვუშვებთ სპირტში, წმინდა წყალს ვარიგებთ ერთჯერადი ჭიქებით. ხატებსაც ახლა უკვე აღარ ვეამბორებით. ეს უჩვეულოა და ყველას არ მოსწონს, მაგრამ ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მოყვასისადმი სიყვარულისთვის...
დიონისე ზემლიანოვი


რუსეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ძალიან სწრაფად იზრდება კორონავირუსით დაავადების შემთხვევები და, ჯამში, სულ, მიახლოებით, 28 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში კარანტინია გამოცხადებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საკვების საყიდლად, ნაგვის გადასაყრელად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად და, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურში წასასვლელად.

„დღეს უფრო იოლია დაინფიცირდე მაღაზიაში, სადაც ხალხი რესპირატორების გარეშე დადის, ვიდრე ჩვენს ეკლესიაში. ჩვენი ეკლესიის შემოსასვლელში, სანთლის ყუთის გვერდით, დგას სანიტარიული სითხით სავსე ბოთლი. ზიარების დროს ჩვენ არ ვკოცნით ბარძიმს, საზიარებელ კოვზს ვუშვებთ სპირტში, წმინდა წყალს ვარიგებთ ერთჯერადი ჭიქებით. ხატებსაც ახლა უკვე აღარ ვეამბორებით. ეს უჩვეულოა და ყველას არ მოსწონს, მაგრამ ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ მოყვასისადმი სიყვარულისთვის ან, უბრალოდ, იმიტომ, რომ ასეთია საეკლესიო ხელმძღვანელობის განკარგულება“, - ამბობს მღვდელი დიონისე ზემლიანოვი, რომელიც 50-კაციან მრევლთან ერთად ამ წესების დაცვით ჩაატარებს სააღდგომო წირვას 19 აპრილს.

კორონავირუსი და სულიწმინდა ბელარუსში

სამაგიეროდ, რუსეთის პატრიარქის მოწოდებას უყოყმანოდ დაუჭირა მხარი მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტმა პავლემ, რომელმაც თავის მიმართვაში მედიცინა უფრო წინ დააყენა, ვიდრე რელიგია და ეკლესიებში ხალხმრავალ წირვას კორონავირუსის გავრცელების საფრთხე უწოდა.

„შესაძლოა დღეს მე შემეწინააღმდეგონ და მითხრან, ეკლესიაში ხომ სულიწმინდის მადლი სუფევსო. დიახ, ის სუფევს, მაგრამ მადლი არ აუქმებს ბუნების კანონებს. ამიტომ ვამბობთ: მეგობრებო, თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პავლემ.

უდრეკი ვუჩიჩი VS პატრიარქი ირინეი

სერბეთის პატრიარქი ირინეი, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, დიდ ხუთშაბათამდე ცდილობდა დაეყოლიებინა ქვეყნის ხელისუფლება, რომ აღდგომის დღესასწაულის წინ დროებით შეერბილებინა კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები და მიეცა საშუალება მორწმუნეებისთვის, მისულიყვნენ ეკლესიებში სალოცავად და საზიარებლად.

სერბეთში მთავრობამ 3 აპრილს დააწესა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმად, 17 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. მის დამრღვევებს ემუქრებათ სასჯელი 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით.

მე ვენდობი პატრიარქ ირინეის და მუხლმოყრილი ვემუდარები მას, გაგვიგოს, რომ ჩვენ ქედმაღლობა და საკუთარი ვნებები კი არ გვამოძრავებს, არამედ იმის სურვილი, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვოს...
ალექსანდარ ვუჩიჩი


კიდევ უფრო შეზღუდულია გარეთ გასვლა სერბეთში შაბათ-კვირას, როცა კომენდანტის საათი შაბათს 13 საათიდან იწყება და ორშაბათის დილის 5 საათამდე მოქმედებს.

მაგრამ სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს თავისი პატივისცემა პატრიარქ ირინეისადმი, ურყევი აღმოჩნდა და ბოლომდე დაუჭირა მხარი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბს.

„მე ვენდობი პატრიარქ ირინეის და მუხლმოყრილი ვემუდარები მას, გაგვიგოს, რომ ჩვენ ქედმაღლობა და საკუთარი ვნებები კი არ გვამოძრავებს, არამედ იმის სურვილი, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვოს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, 14 აპრილს, სერბეთის ტელერადიოსთან (РТС) ინტერვიუში.

კორონავირუსით სერბეთში, დაახლოებით, 5 000-მდე ადამიანია დაინფიცირებული, 99 პაციენტი გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობა ზრდის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, სერბეთის ხელისუფლებამ 14 აპრილიდან ერთი კვირის ვადით, მომდევნო სამშაბათამდე, ახალი კომენდანტის საათი შემოიღო, რომელიც 17 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.

სერბეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღდგომის დღეებში კომენდანტის საათის კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ მიესალმა ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრი, მილორად დოდიკი, რომელიც 15 აპრილს ბელგრადში შეხვდა ალექსანდარ ვუჩიჩს.

მილორად დოდიკი
მილორად დოდიკი

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კომენდანტის საათის მოქმედებას რესპუბლიკა სპრსკასა და სერბეთში, ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, რომ გაგებით მოეკიდოს ამას, დაიცვან ზომები და შეიკრიბონ შინ. ჩვენ უყოყმანოდ უნდა შევზღუდოთ ადამიანების გადაადგილება და თავშეყრა. ჩვენ ეს არ გვსურს, მაგრამ იძულებული ვართ, რომ ასე მოვიქცეთ“, - განაცხადა დოდიკმა.

მან კარგ მაგალითად დაასახელა დასავლეთ ბალკანეთის კიდევ ერთი, უპირატესად მართლმადიდებელი ქრისტიანებით დასახლებული ქვეყნის, მონტენეგროს, ხელისუფლების გადაწყვეტილება. პოდგორიცაში, სადაც ძლიერია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, ხოლო მორწმუნეებს შეეძლებათ, ტელევიზიის ან ინტერნეტის საშუალებით ადევნონ თვალი სააღდგომო ღვთისმსახურებას.

ის, რაც ბორისოვისთვის „ეპიდემიაზე უფრო უარესია“

აღდგომის დღესასწაულზე ბულგარეთში მართლმადიდებლური ტაძრები ღია იქნება. თითქმის ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი და ბულგარეთის ხელისუფლება, რომელმაც ამ დისკუსიაში ეკლესიის მხარე დაიჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წევრები ითხოვდნენ, ეკლესიებში არ ყოფილიყო საჯარო წირვა-ლოცვა, ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა უარი თქვა წეს-ჩვეულების შეცვლაზე.

სინოდის გადაწყვეტილებით, სააღდგომო წირვა-ლოცვა ბულგარეთში ჩატარდება მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით. კერძოდ, მლოცველები ღვთისმსახურებას ეკლესიის ეზოებში მოისმენენ, ვალდებულები იქნებიან ატარონ პირბადეები და დაიცვან ერთმანეთს შორის ორმეტრიანი დისტანცია, აიკრძალა ასევე ერთი კოვზით ზიარება.

მაგრამ რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა ერთ-ერთ ეკლესიაში აღმოაჩინა მღვდელი, რომელიც მორწმუნეებს ერთი კოვზით აზიარებდა.

ბოიკო ბორისოვი
ბოიკო ბორისოვი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, ტელევიზიით მოუწოდა ხალხს, რომ დარჩნენ შინ და სახლში ილოცონ ხატების წინ. მოგვიანებით საკუთარ თავს დაუპირისპირდა და „ეპიდემიაზე უარესი“ უწოდა იმათ, ვინც ეკლესიების დროებით დახურვას მოითხოვს.

„თქვენ გსურთ, რომ დავხუროთ კარები და გავყაროთ მღვდელმსახურები. მაგრამ ეს დღესასწული უმთავრესია ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის, რომლისთვისაც ამ დღეს ეკლესიაში ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეკლესიამ ჩვენ გადაგვარჩინა ოსმალეთის მონობისგან. მე არ შემიძლია მოვიდე პოლიციასთან ერთად და დავხურო ტაძრები“, - განაცხადა ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტესთან შეხვედრაზე, რომელზეც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.

ბოლო მონაცემებით, ბულგარეთში კორონავირუსის ინფექციით 800 ადამიანი დაავადდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წევრები და ეპიდემიოლოგები ბულგარეთში შიშობენ, რომ ეპიდემიურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს თვითიზოლაციის წესების დარღვევა და ხალხმრავალი შეკრებები სააღდგომო დღესასწაულის დღეებში.

წინასააღდგომო პოლიტიკური დაპირისპირება რუმინეთში

კვირის დასაწყისში რუმინეთში ლამის პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა სადავო შეთანხმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შორის.

ამ შეთანხმების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები და მოხალისეები სააღდგომო წმინდა ცეცხლსა და სააღდგომო პასკებს სახლებში დაურიგებენ 65 წელზე მეტი ხნის ადამიანებს, რომლებსაც, საგანგებო წესების თანახმად, მხოლოდ ორი საათით აქვთ სახლიდან გამოსვლის უფლება.

საკუთრივ სააღდგომო წირვა-ლოცვა რუმინეთში დახურულ ტაძრებში ჩატარდება, მრევლის გარეშე, და ტრანსლირებული იქნება ტელევიზიით.

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმება გააკრიტიკა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, რომელიც კათოლიკეა.

რუმინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ რამეზე არ უნდა მოცდნენ სამხედროები, რომელთაც, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად შემოღებული საგანგებო მდგომარეობის თანახმად, ისედაც ბევრი სამუშაოს გაკეთება უწევთ სამოქალაქო ხელისუფლების მხარდასაჭერად.

15 აპრილს რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარსელ ველამ, განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული შეთანხმება შეიცვალა და პოლიციელები და სამხედროები აღარ მიიღებენ მონაწილეობას მოსახლეობისთვის წმინდა ცეცხლის დარიგებაში.

რუმინეთის ხელისუფლებამ 16 მარტს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რადგან ხალხი კვლავაც უგულებელყოფდა ხელისუფლების რეკომენდაციას, შინ დარჩენით თავიდან აეცილებინათ კორონავირუსის ეპიდემია.

ეპიდემიის გამოცხადებიდან დღემდე რუმინეთში კორონავირუსით, მთლიანობაში, 7 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა, სულ მცირე, 390 პაციენტი. რუმინეთის ხელისუფლებამ ეკლესიებში საჯარო წირვა-ლოცვა აკრძალა კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

20 მარტს რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, მოუწოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ რუმინელებს, თავი შეეკავებინათ სამშობლოში ჩამოსვლისგან მართლმადიდებლური აღდგომის აღსანიშნავად.

დახურული ეკლესიები მოლდოვაში

კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია ეკლესიები მოლდოვაში, სადაც სააღდგომო ლიტურგია ძირითადად ისეთივე შეზღუდვებით ჩატარდება, როგორც მეზობელ რუმინეთში.

კერძოდ, იერუსალიმიდან ჩამოტანილ წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან პოლიციის პატრულის თანხლებით ეკლესიებში წაიღებენ ღვთისმსახურები. სააღდგომო წირვა-ლოცვის დროს მრევლს არც ეკლესიებში შეუშვებენ და არც ეკლესიის ეზოში. ასევე, წელს არ მოხდება ეკლესიებში სააღდგომო საჭმლის კურთხევა. „მრევლს უფლება ექნება, მოიტანოს და დატოვოს საჭმელი ეკლესიის ეზოს წინ, სადაც მას სასულიერო პირები აკურთხებენ“, - საგანგებო განცხადება გააკეთა მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პაველ ვოიკუმ.

მოლდოვა, რომლის მოსახლეობა 3,5 მილიონი ადამიანია, 16 აპრილისთვის კორონავირუსით ინფიცირების 2 154 შემთხვევაზე იუწყება. 53 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„ახალი ფორმატის“ აღდგომა უკრაინაში

უკრაინაში, სადაც დღესდღეობით სამი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი აღნიშნავს მაცხოვრის აღდგომას, ორმა - უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობამ - მრევლს მოუწოდა, დარჩნენ შინ და წირვა-ლოცვას თვალი ადევნონ ინტერნეტითა და ტელევიზიით.

ონლაინტრანსლაციის საშუალებით ჩავატარებთ ლიტურგიას, პირდაპირ ეთერში დისტანციურად ვაკურთხებთ სააღდგომო კალათებს...
არქიეპისკოპოსი სვიატოსლავი


„კვირას ეს ტაძარი, რომელიც ასობით ადამიანს იტევს, პირველად იქნება თითქმის დაცარიელებული, მაგრამ, ამავე დროს, პირველად იქნება ასე აღსავსე ლოცვით, რადგან მჯერა, ათასობით მორწმუნე თავისი სახლიდან ილოცებს და ონლაინტრანსლაციის საშუალებით შემოუერთდება ჩვენს ლოცვას. გახსოვდეთ, ჩვენ გვაერთიანებს, პირველ ყოვლისა, არა მხოლოდ კედლები, არამედ ღვთის რწმენა და ლოცვა - ლოცვა ერთმანეთისა და უკრაინისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ.

შინ დარჩენას და თვითიზოლაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ასევე ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავმა, რომელმაც განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს ცარიელ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირების გული სავსე იქნება მათი სულიერი შვილებისადმი სიყვარულით, ლოცვითა და თანადგომით.

„ონლაინტრანსლაციის საშუალებით ჩავატარებთ ლიტურგიას, პიდაპირ ეთერში დისტანციურად ვაკურთხებთ სააღდგომო კალათებს“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავმა.

მაგრამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვთისმსახურებაში თითქმის არაფრის შეცვლას არ აპირებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

„ძვირფასო ძმებო და დებო, გაუწყებთ, რომ ტაძრებში შესრულდება სააღდგომო ღვთისმსახურება. მინდა დავამშვიდო ისინი, ვინც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო შინ დარჩება. თქვენ არ იქნებით მიტოვებული. ხელისუფლების წყალობით, რომელმაც ანგარიში გაგვიწია, სააღდგომო წირვა გადაიცემა ტელეკომპანია „უკრაინითა“ და „ინტერით“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ონუფრიმ, რომელმაც დასძინა, რომ ის მლოცველები, რომლებიც აღდგომის ლიტურგიის მოსასმენად და სალოცავად ქუჩაში იდგებიან, „ყველა სანიტარიულ ზომებს დაიცავენ“. სააღდგომო კალათებსაც ეკლესიის მიმდებარე მოედანზე აკურთხებენ, მორწმუნეები ვალდებული იქნებიან დაიცვან დისტანცია და არ შეჯგუფდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელ მართლმადიდებლებს სააღდგომოდ შინ დარჩენისკენ მოუწოდა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც კოცნას, ზიარებასა და ეკლესიებში ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნას დაინფიცირების პირდაპირი გზა უწოდა.

„ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მარტო თავის თავზე კი არა, არამედ ახლობლების, ნათესავებისა და გარშემომყოფთა სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. ამიტომ წელს აღდგომა ახალ ფორმატში - ეს არის მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარულის გამოხატულება“, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მაგრამ უკრაინის ხელისუფლება სააღდგომოდ არ გამორიცხავს სხვადასხვა სახის სიურპრიზებს არაკანონმორჩილი სასულიერო პირების მხრიდან, როგორც ეს მოხდა 12 აპრილს ბზობის დღესასწაულზე.

უკრაინის სამართალდამცველებმა სამ სასულიერო პირს დააკისრეს ადმინისტრაციული ჯარიმა, მართლმადიდებლური ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, რასაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, „უპასუხისმგებლობა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობა უწოდა“.

„ჩვენთან სინდისის თავისუფლებაა, მაგრამ იქონიეთ სინდისი“, - განაცხადა ზოგიერთი სასულიერო პირის გასაგონად არსენ ავაკოვმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG