Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს


„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, რომელიც რამდენიმე რეგიონალურ ტელეკომპანიას აერთიანებს, საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს საქართველოს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში2016 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგ.

ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციულ რეკლამასა და სპონსორობაზე შეზღუდვები მინიმუმამდე შემცირდა, ტელერადიოპროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შეძენისას საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი“ და, ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს ე.წ. სტარტაპების დაფინანსების უფლება აქვს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიტუციას, რომელშიც ცალსახად წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს კომერციული გავლენებისგან:

„ორი კუთხით ვიწყებთ დავას. ერთი ქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცულობა კომერციული გავლენისგან და მეორე იქნება კონკურენციის შესაძლებლობა, რადგან შეუძლებელია ისეთ პირობებში, როცა 60-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს [საზოგადოებრივ მაუწყებელს] და დამატებით 45 მილიონს სესხად იღებს...გამოდის, რომ 100 მილიონი აქვს წლის განმავლობაში დასახარჯი. ხომ წარმოგიდგენიათ, კატასტროფაა ბაზარზე-როგორ უნდა შეხვიდე ვინმესთან კონკურენციაში. ამას ემატება ბაზრიდან წილის წაღება“.

ნათია კუპრაშვილის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამა ძირითადად რეგიონალურ ტელევიზიებს წაართვა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.

„დაახლოებით 2 მილიონ 800-ათასიან ზრდას აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო შემოსავლებიდან და კლებას რეგიონალური მედიის შემოსავლებში. ასე ღრმად არ გამოგვიკვლევია, თუ რომელი რეკლამები წაიღეს, თუმცა ეს არის ფაქტები. შეიძლება 60-მილიონიან ბიუჯეტში 2.8 არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს თანხა კატასტროფულად აისახება მცირე მედიებზე და არა მხოლოდ რეგიონალურ ტელევიზიებზე.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში ეხმარებათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სასამართლოში ალიანსის ინტერესებს დაიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაანალიტიკოსმა მამუკა ანდღულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ევროპული პრაქტიკით, ზოგიერთი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება აქვთ, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით.

„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა [პრაქტიკაა]. მაგალითად, ვიცი, გერმანიაში [საზოგადოებრივ მაუწყებელში] არის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვებით. მაგალითად, შეზღუდვებში იგულისმხმება, რომ არ შეიძლება შაბათ-კვირას, საუკეთესო საეთერო დროს, განათავსო რეკლამა. როცა საკანონმდებლო ცვლილებებზე გვქონდა კონსულტაციები, სხვა საკითხებთან ერთად ზუსტად ამ შეზღუდვებზეც გვქონდა მსჯელობა“.

მამუკა ანდღულაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა თუნდაც გერმანიის მაგალითზე მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორისგან შეთავაზებული რეკომენდაციები. ანდღულაძის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული გავლენის რისკს ზრდის მმართველი პარტიის მიმართ მაუწყებლის ლოიალობა:

„კომერციულ სივრცეში შესვლა ასევე ზრდის საფრთხეს, რომ შენ [საზოგადოებრივი მაუწყებელი] ექცევი კომერციული ინტერესის ქვეშ, მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება პოლიტიკური მმართველი პარტიის ზეგავლენის ქვეშ. ეს პირდაპირ გამოიხატება სარედაქციო პოლიტიკაში: ხელისუფლების მიმართ ლოიალურია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაანალიტიკოს მამუკა ანდღულაძის თქმით, ის, რაც დასაშვები ხდება საქართველოს რეალობისთვის, დაუშვებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

ევროკავშირის წევრი ესტონეთის კანონმდებლობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კატეგორიულად ეკრძალება კომერციული რეკლამის განთავსება. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ტომას სილდამის, თქმით, პარლამენტმა მიიჩნია, რომ მედიასაშუალება, რომელიც პატარა ქვეყნის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ევროთი ფინანსდება, კომერციულ ბაზარზე შესვლით კერძო მედიას არ უნდა ავიწროებდეს. ტომას სილდამმა მოიყვანა მაგალითი, როცა სამეურვეო საბჭოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს:

„ჩვენთან რეკლამები არ არის, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით ვარსებობთ, თუმცა რამდენჯერმე შევნიშნე, რომ წამყვანებს ეცვათ ფირმა „ბალტმანის“ მარკის ქურთუკი. ასეთი შემთხვევები გვქონია. ამის გამო გაგვაკრიტიკეს. პრინციპში, ვეთანხმები მაკონტროლებელს“.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ტომას სილდამი
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ტომას სილდამი

ტომას სილდამის, თქმით, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 35 მილიონი ევრო ამ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ მაუწყებელმა თავისი მისია შეასრულოს. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგებისთვის არ იბრძვის, მრავალფეროვანი გადაცემები აქვს და თავისი მაყურებელი ჰყავს.




  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG