Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელები და პროფკავშირები პრემიერ-მინისტრს გამოსავალს სთავაზობენ


პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავს და მაღაროებში დასაქმებულთა მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ირაკლი პეტრიაშვილის წერილის თანახმად, 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეკონომიკური, დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრული კრახი. პროფკავშირთა გაერთიანების პარალელურად პრემიერ-მინისტრს მიმართავენ ტყიბულელი მეშახტეები. 10 მაღაროელისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პრემიერს საპენსიო ასაკის დაწევას, კომპენსაციების უკეთესი მექანიზმის შექმნასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სთხოვს.

მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია

  • 2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
  • 2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
  • 2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • 2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
  • 2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
  • 2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
  • 2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.

„მეშახტეების მიერ გაწეული უმძიმესი შრომა არანაირად არ შეესაბამება მათი შრომის ანაზღაურებას. მათთვის, როგორც მომეტებული რისკის მქონე საწარმოში დასაქმებულებისთვის, არ ფუნქციონირებს არც ერთი სახის სოციალური შეღავათი“, - ნათქვამია პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, წერილში, რომელშიც ის გამოსავლის სახით პრემიერს რამდენიმე წინადადებით მიმართავს:

„ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლება; ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან; კომპანიის მიერ მეშახტეების შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც, საერთო ჯამში, შეადგენს 8,1%-ს; ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით; მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება.

საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება“.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, განცხადებით, ისინი პარალელურად იწყებენ განცხადებაში თავმოყრილ მოთხოვნებზე ხელმოწერების შეგროვებას და როგორც ყველა დარგობრივ პროფესიულ კავშირს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოძრაობებსა და აქტივისტებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხელმოწერების შეგროვების პროცესს.

შექმნილი მძიმე ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად ტყიბულელი მაღაროელებიც საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას, საპენსიო ასაკის დაწევას და ახალ საპენსიო სქემაში მათი მძიმე და მავნე სამუშაოს, ასევე სამუშაო სტაჟის გათვალისწინებას მოითხოვენ. ამ შინაარსის წერილით მათ უკვე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელ ლევან ბეშქენაძის თქმით, მომავალ კვირაში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება. პარალელურად ტყიბულში საპროტესტო აქცია გაიმართება:

„ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება თავისთავად არაფერს გააკეთებს და მთავრობასთან შეკრების დღეს აქციაც გაიმართება მთელი ქალაქის მასშტაბით და გამგეობის წინ მთელი ტყიბული უნდა იდგეს მოლაპარაკებების პარალელურად და იქნებ ეს გახდეს ხელისუფლებისთვის იძულების მექანიზმი, რომ საბოლოოდ მიიღონ იმ საკითხებზე გადაწყვეტილება, რაც ყველაზე მეტად აღელვებს ტყიბულს“.

მაღაროელებისა და პროფკავშირთა გაერთიანების წერილის სულისკვეთებას სავსებით იზიარებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე, თუმცა არც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიიჩნევს საბოლოო გამოსავლად. ის ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა:

„სახელმწიფომ მძიმე ინდუსტრიებში უნდა დაიწყოს სპეციალური უსაფრთხოების მაკონტროლებელი რეჟიმით მუშაობა და არ დაელოდოს ახალ კანონმდებლობას და შრომის ინსპექტირების სისტემის ამოქმედებას. ჩვენ ვითხოვთ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და ეს იქნება არა მხოლოდ შრომის ინსპექტირების სისტემა, არამედ ეს იქნება უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მყისიერი გამოსავალი მხოლოდ ტყიბულთან მიმართებით ვერ მოიძებნება, თუმცა მოთხოვნათა ერთ-ერთი საგანი ესეცაა. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ასევე, ჭიათურასთან კაზრეთთან, ზესტაფონთან და სხვა მსგავს საწარმოებთან მიმართებით“.

ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

პროფკავშირების გაერთიანებამ პრემიერ-მინისტრს გასულ კვირაშიც მიმართა წერილობით სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისიის სასწრაფოდ მოწვევის მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრისგან ამ წერილს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია კი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ემზადებიან სამმხრივი კომისიის მოწვევისთვის. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სამივე მხარე: პროფკავშირების გაერთიანება, სამინისტროები და დამსაქმებელთა ასოციაცია 6-6 წევრით. განხილული იქნება მძიმე სამუშაოზე დასაქმებულთა და შახტის რეაბილიტაციის საკითხები.

„ჩვენ არათუ გვერდში დავუდგებით, სამმხრივი კომისიის შეკრებისთვის საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ მოვიწვევთ სამივე მხარეს, სადაც ამ საკითხებზე უფრო სიღრმისეული და ფუნდამენტური დისკუსია გაიმართება“.

რაც შეეხება 5 აპრილს ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რასაც 6 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით მომხდარის მიზეზების თაობაზე საუბარი ნაადრევია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG