Accessibility links

სიკვდილის სამსახურში - 6 დაღუპული მინდელის შახტში


ტყიბულის მინდელის შახტი

3 დაშავებული, 6 დაღუპული. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის შახტი. უბედური შემთხვევა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად, გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცხედრები - ექსპერტიზაზე. ბოლო უბედური შემთხვევიდან, რომელიც ჭიათურაში მოხდა და ერთი მუშის სიცოცხლე შეეწირა, მხოლოდ ათი დღეა გასული. მინდელის შახტში დაღუპული მუშებიდან ყველაზე ახალგაზრდა 25 წლისა იყო.

Direct link

მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია

  • 2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
  • 2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
  • 2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • 2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
  • 2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
  • 2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
  • 2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.

55 წლის მეშახტე გიორგი ნიქაბაძე, კიდევ ერთ დაშავებულ მეშახტესთან ერთად (მესამე დაშავებული ტყიბულის საავადმყოფოშია), ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. იქვეა მისი ცოლიც, დალი ნიქაბაძე. მას გაუმართლა - მისი მეუღლე გადარჩა. არ გაუმართლათ სხვებს. ტყიბულის მაღაროში მუშაობა გამართლება-არგამართლებაზეაო, ამბობენ მეშახტეების ცოლები.

„ღამის სმენა იყო. მეოთხე ცვლაში მუშაობდა. 30 წელია, მანდ მუშაობს. სხვა რა გზა ჰქონდა? ტყიბულში სხვა სამუშაო არ არის. მაგით ვარსებობთ. სულ მეშინია, როცა სამსახურში მიდის, არაფერი დაემართოს. მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ ამჯერად მათი ბრალი არ ყოფილა“.

რა მოხდა? პროფკავშირის წევრი, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსი თანაშემწე გაგა ისაკაძე მომხდარს ასე აღწერს:

„ნახშირმოპოვებითი უბანია ეგ, 24 საათი მუშაობენ ცვლებში. სამთო დარტყმამ ჩამოშალა ქანები და, როგორც ჩანს, წნევამ ყველა მუშა კედელს მიანარცხა, რის გამოც დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები. ეს სამთო დარტყმა მიწისძვრის მსგავსი მოვლენაა - ვერც გაიგებ, როდის მოხდება“.

რადიო თავისუფლება: ასეთ დროს რა იცავს მეშახტეებს? არსებობს რამე სისტემა?

გაგა ისაკაძე: არ ვიცი ზუსტად. გამოძიება მეტს იტყვის.

მკვლელი სტატისტიკა

ნიკა კაკაშვილთან, რომელიც შრომის უსაფრთხოების ინსპექტორია, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ბოლო სამი თვის სტატისტიკა. პროფკავშირის ინფორმაციით, ბოლო უბედურმა შემთხვევამ 2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი 18-მდემდე გაზარდა, ამბობს ნიკა. 2018 წელს დაშავებულია 12 ადამიანი - 6 დაღუპული ტყიბულში, 1 ჭიათურის მაღაროში, 8 არის სამშენებლო სექტორში (6 - ობიექტზე და 2 - სამშენებლო მასალების წარმოებისას), ერთი შემთხვევა ზესტაფონის „ფეროში“, 1 შემთხვევა ენერგეტიკაში - „ენერგოპროში“ და 1 შემთხვევა სამედიცინო სფეროში: სამხედრო ჰოსპიტალში ლიფტის შახტში ჩავარდა დამლაგებელი ქალი.

უბედური შემთხვევები გაგრძელდება, ამბობს ნიკა კაკაშვილი. დღეს მოქმედი შრომის კანონმდებლობის პირობებში პროგნოზი დამაიმედებელი ვერ იქნება:

„წელიწადში ერთხელ შესვლა მაღაროში, სადაც ყოველ წამს შეიძლება სახიფათო ვითარება შეიქმნას, თანაც არაგაუფრთხილებლად, შედეგს არ მოიტანს. ამ სფეროს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში - იქ შრომის ინსპექციას აქვს უფლება შევიდეს მოულოდნელად ასეთ საწარმოებში. ასე რომ, ასეთი შემთხვევები კიდევ მოხდება. სანამ არ დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა, არ დაეკისრებათ კომპანიებს დიდი ჯარიმები და შრომის ინსპექციას არ ექნება საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლის უფლება“.

ტყიბულელი მეშახტეები
ტყიბულელი მეშახტეები

2010 წლიდან რომ დავთვალოთ, მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია ასეთი იქნება:

2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.

2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.

2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.

მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა...
ჯამბულ ჯაყელი

2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.

2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.

2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.

2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.

2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.

გამოძიება ამბობს, რომ შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია... საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ...
გიორგი მარგველაშვილი

„ტექნოგენური კატასტროფა“, - ასე შეაფასა მომხდარი მინდელის მაღაროს მფლობელმა კომპანია „საქნახშირმა“. ოფიციალურ განცხადებაში ჩაწერეს:

მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, - „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ ტყიბულის მაღაროში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა.

5 აპრილს სამძიმრის სიტყვები მთავრობის წევრებისგანაც გაისმოდა.
ტყიბულში ჩავიდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და სხვები.

გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებაც:

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია... საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ, ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა“.

მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადასახედია, ხოლო ეკონომიკის მინისტრის გადაყენება უნდა გახდეს ამ პოლიტიკის გადააზრების პირველი სიგნალი...
ლინა ღვინიანიძე

გამოძიება, განცხადებები - არაფერი აღარ არის საკმარისი. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ადასტურებს, რომ პირველ ადგილზე დგას არა ადამიანების სიცოცხლე, არამედ კერძო ბიზნესის ინტერესი. დროა, ამბობს მშრომელთა უფლებების დამცველი ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“, დადგეს ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი და რაც შეიძლება მოკლე დროში მთავრობამ წარმოადგინოს გეგმა, როგორ უნდა გადარჩეს ტყიბული, როგორ უნდა გადარჩნენ ის ადამიანები, ვისთვისაც შახტებში მუშაობა თავის რჩენის ერთადერთი გზაა:

„მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადასახედია, ხოლო ეკონომიკის მინისტრის გადაყენება უნდა გახდეს ამ პოლიტიკის გადააზრების პირველი სიგნალი. ადამიანების დასახიჩრება, მათ უკიდურეს სასოწარკვეთილებაში დატოვება არის სწორედ ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობა“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით, სამუშაო ადგილებზე დაშავდა 776 ადამიანი და დაიღუპა 270 ადამიანი. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2017 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. და ეს სტატისტიკა არ არის სრულყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG